კახა კალაძე: დოლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია

ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით კომენტარი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის პრეროგატივაა.

ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. კალაძემ კომენტარი გააკეთა ბოლო დღეებში ლარის კურსის რყევებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დოლარის კურსის გამყარების ტენდენცია ბევრ ქვეყანაში შეინიშნება და საქართველოც ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.

კალაძის აზრით, აღნიშნულის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებია. კერძოდ, საერთაშორისო სანქციები. ვიცე-პრემიერმა დასძინა, რომ ნებისმიერი ქვეყნის საბიუჯეტო მოვლენები და ფისკალური პოლიტიკა გლობალურად მიმდინარე პროცესებთან კავშირშია. "ამიტომ რა იქნება მომავალში, მე გამიჭირდება პასუხის გაცემა. ეს დინამიური პროცესია და ალბათ უმჯობესი იქნება, კომენტარი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას ვთხოვოთ, ისინი უფრო კარგად აგვიხსნიან არსებულ სიტუაციას", - დასძინა კახი კალაძემ.