2020 წელს „ვარვამ“ 200 ათასამდე ფუტკრის ოჯახი გაანადგურა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მეფუტკრეთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო პაპავამ განუცხადა.
მისივე თქმით, ქართულ თაფლში დაბინძურების დონე სულ უფრო იკლებს, თუმცა გამოწვევად რჩება დაავადებები და ვეტერინარების გადამზადება.
,,ხარისხით ჩვენი თაფლი უფრო და უფრო მეტად უმჯობესდება. თუ წინა წლებში დაბინძურება იყო პრობლემა, წელს ეს შემცირებულია. 2019 წელს მხოლოდ 11% იყო დანაგვიანებული, 2020-ში კი 8%. ანუ ნიშნული ქვემოთ მოდის. წელს უფრო დაბალს ველოდებით, მით უფრო, რომ უკვე ბევრ ევროპულ ქვეყანაზე ბევრად წინ ვართ ამ კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ პესტიციდებით დანაგვიანება საერთოდ არ აღმოჩნდა. დანაგვიანებულია მხოლოდ იმ საშუალებებით, რომელსაც მეფუტკრე პროფილაქტიკისთვის იყენებს.
ძალიან ბევრია სამუშაო ფალსიფიკაციის აღმოფხვრისა და საწარმოების განვითარების კუთხითაც. მთავარი კი, არის ვეტერინარიის პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. აუცილებელია შესაბამისი კადრების მომზადება ამ კუთხით. ამასთან, აუცილებელია მეფუტკრეთა რეგისტრაცია და შესაბამისად, შემდგომი ინსპექტირება როგორც დაავადებების, ასევე მთაბარობის კუთხით. ეს საკითხები ჯერ კიდევ დაურეგულირებელია.
გამოწვევად რჩება დაავადებები და მათ შორის „ვარვას“ ტკიპა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, გარდა ავსტრალიისა. ჩვენი მეფუტკრეები ძველი მეთოდებით ცდილობენ ბრძოლას „ვარვას“ ტკიპით გავრცელებულ დაავადებებთან, ამიტომაც ეს არ არის იმდენად ეფექტური და ბრძოლის ახალ მეთოდებზე, ორგანულ მჟავებზე გადასვლაა საჭირო. 2020 წელს ამ მხრივ საკმაოდ ზარალიანი წელი იყო და 200 000-მდე ფუტკრის ოჯახია დაცემული მხოლოდ ამ დაავადების გამო“,- განუცხადა პაპავამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.