მსოფლიოში ქართული თაფლის მიმართ ინტერესი იზრდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მეფუტკრეთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო პაპავამ განუცხადა, იქ, სადაც ქართული თაფლი გადის ექსპორტზე, შემდგომში მინიმუმ 3-ჯერ მეტს ითხოვენ.
,,შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი ბაზარი გაჩერებულია. ჩვენთვის მთავარია მაქსიმალურად დიდი მასშტაბით გავიდეთ ექსპორტზე. სწორედ ამისთვის გვიწევს დიდი სამუშაოების გაწევა.
ჩვენთვის მთავარია, რომ ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა ქართულ თაფლზე. იქ, სადაც ქართული თაფლი გადის ექსპორტზე, შემდგომში მინიმუმ 3-ჯერ მეტს ითხოვენ. მაგალითად, თუ გასულ წელს, 22 ტონამდე თაფლი გავიდა მსოფლიო ბაზარზე, წელს მხოლოდ იანვარში 20 ტონა თაფლი გავიდა ბულგარეთში იმავე მისამართზე, რომელზეც შარშან 3 ტონამდე თაფლი გაგზავნა საქართველომ. როგორც ვიცით ასევე დიდი ინტერესია, აშშ-დან, კანადიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ქართული თაფლის პოპულარობაში, თავისი დიდი წვლილი შეიტანა ჯარაში თაფლის წარმოებამაც. ჯარაში წარმოებულმა თაფლმა მიიღო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. გარდა ამისა, მას აქვს ბიო სერთიფიკატიც, რომელიც პირველია ამ მხრივ საქართველოში. შესაბამისად, მოთხოვნები და ცნობადობა უკვე გაზრდილია საზღვარგარეთაც. მაგალითად, მე პირადად დამირეკეს ამ კვირაში ინგლისიდან ჯარას თაფლთან დაკავშირებით. ქართული თაფლის ცნობადობასა და აღიარებაშიც, ჯარას თაფლი უდიდეს როლს შეასრულებს“, - განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს“ ალეკო პაპავამ.
ცნობისთვის, პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან ნატურალური თაფლის ექსპორტი 240%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ქვეყნიდან 21,7 ტონა თაფლი გავიდა, ჯამში 122,5 ათასი დოლარის ღირებულების. შარშან თაფლი 12 ქვეყანაში გაიყიდა, 2019-ში ექსპორტზე მხოლოდ 56,3 ათასი დოლარის 6,38 ტონა ნატურალური თაფლი გავიტანეთ.
რაც შეეხება 2021 წელს, იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან უკვე 21,5 ტონა ნატურალური თაფლი გაიყიდა, ჯამში 47,6 ათასი დოლარის ღირებულების.