წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას თბილისისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (ჯივიპი) უწევს.
კომპანია ასევე ფლობს და ამუშავებს ჰიდროელექტროსადგურებს და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის და ღია ბაზარზე გასაყიდად.
„ჯივიპის“ 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის წლის შემოსავალი - 144,894 მლნ ლარი იყო. აქედან, ძირითადი 124,084 მლნ ლარის შემოსავალი - წყალმომარაგებიდან და მასთან დაკავშირებული მომსახურებიდან იყო მიღებული; 19,051 მლნ ლარი კი - ელექტროენერგიის რეალიზაციიდან.
ასევე, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, 2019 წლის კომპანიის მოგება კი - 35,197 მლნ ლარს შეადგენდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში - 542,579 მლნ ლარის აქტივებს ფლობდა.
რეესტრის მონაცემებით, ჯივიპის 100%-იანი წილი სს „ჯორჯია გლობალ იუთილითიზს“ ეკუთვნის, რომელიც „ჯორჯია კაპიტალის“ ერთპიროვნულ საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანიაა, რომლის საბოლოო მშობელი კომპანია არის დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული საჯარო სააქციო საზოგადოება „ჯორჯია კაპიტალი“.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 29 მაისს საჯარო სააქციო საზოგადოება „ბიჯეო ჯგუფმა“ დაასრულა თავისი ბიზნესის გაყოფა ორ მიმართულებად - ლონდონის ბირჟაზე დარეგისტრირებულ საბანკო ბიზნესად (საჯარო სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის ჯგუფი“) და ლონდონის ბირჟაზე დარეგისტრირებულ საინვესტიციო ბიზნესად („ჯორჯია კაპიტალი“). ამის შედეგად, ჯორჯია კაპიტალი გახდა კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანია.