„პანდემიამდე არსებულ ნიშნულს რომ დავუბრუნდეთ, მინიმუმ 1 წელი დაგვჭირდება“ - რა გავლენა იქონია კორონავირუსმა „დომინოს პიცაზე“

„პანდემიამდე არსებულ ნიშნულს რომ დავუბრუნდეთ, მინიმუმ 1 წელი დაგვჭირდება“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ “დომინოს პიცაში“ განუცხადეს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ დელივერის სერვისი მუშაობდა, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, გაყიდვები 35%-ით შემცირდა.

თუმცა, „დომინოს პიცაში“ აღნიშნავენ, რომ სირთულეების მიუხედავად, ფილიალებისა და თანამშრომელთა რაოდენობა კომპანიამ მაინც შეინარჩუნა.

„პანდემიამ რა თქმა უნდა, გავლენა იქონია „დომინოს პიცას“ გაყიდვებზე. სრულად გადავედით მიტანის სერვისზე და მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად შევეცადეთ გაყიდვების რაოდენობის შენარჩუნებას, ვარდნა იყო 35%-მდე. ამასთან ერთად, გაგვეზარდა დანახარჯები, გვიწევს საგანგებო რეჟიმში მუშაობა, კომენდანტის გამო სრულად შევცვალეთ სამუშაო განრიგი. თუმცა, ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი, ასევე ოპერირებას განაგრძობს თბილისში არსებულ ოთხივე ფილიალი“,- აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, მართალია კვების ობიექტები გაიხსნა, თუმცა იმის გამო, რომ შაბათ-კვირას მუშაობა კვლავ აკრძალულია, „დომინოს პიცის“ გაყიდვების ძირითადი წილი კვლავ მიტანის სერვისზე მოდის.

„რა თქმა უნდა, ობიექტების გახსნამ მოახდინა გავლენა, თუმცა კომენდანტის საათის და შაბათ-კვირას დახურვის გამო, ეს ცვლილება ჯერჯერობით უმნიშვნელოა, ძირითადი წილი კვლავ მიტანის სერვისზე მოდის. იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს, მინიმუმ 1 წელი დაგვჭირდება, თუ რა თქმა უნდა, ობიექტები გაიხსნება შაბათ-კვირას და ასევე კომენდანტის საათიც გაუქმდება“,- აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კვების ობიექტების სუბსიდირების პროგრამაში „დომინოს პიცა“ ვერ მოხვდა, რადგან ის „ფრანჩაიზს“ წარმოადგენს. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სირთულეების დასაძლევად დახმარება მათთვისაც კარგი იქნებოდა და ეს ძირითადად საგადასახადო შეღავათებს ეხება.

„საგადასახადო შეღავათები ძალიან დაგვეხმარება, რომ თანამშრომლები არ შევამციროთ და დღეს არსებული მდგომარეობა მაინც შევინარჩუნოთ“,- აცხადებენ კომპანიაში.

ნინი ქეთელაური