ბრაზილიამ  Apple, მოწყობილობების დამტენის გარეშე გაყიდვის გამო, დააჯარიმა

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში მოქმედმა მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ (Procon-SP) ამერიკული კორპორაცია Apple, სმარტფონების დამტენის გარეშე რეალიზაციისა და რეკლამაში გაცხადებული შეუთავსებლობის გამო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 10,5 მილიონ რეალად (1,9 მლნ დოლარად).

დამტენზე უარის მოტივად კომპანიაში განაცხადეს, რომ ისინი ამას ელექტრონული ნარჩენებისგან თავის დასაღწევად და ეკოლოგიაზე ზრუნვით აკეთებენ. ამის პასუხად ორგანიზაციამ მათ მოთხოვა მოეყვანათ კონკრეტული მაგალითი, როგორ მოქმედებენ ისინი გარემოზე დადებითად და შესთავაზეს Apple-ს წარმოედგინა ძველი ტექნიკის უტილიზაციის პროექტი.

როგორც G1 წერს, ახალ რეკლამაში Apple-ს მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში. მაგალითად კი iPhone 11 Pro-ს რეკლამა მოიყვანეს, სადაც კომპანია ამტკიცებს, რომ მოწყობილობა უძლებს 4 მეტრ სიღრმემდე წყალში ყოფნას 30 წამის განმავლობაში. ამასთან, ასეთ შემთხვევებში დაზიანებაზე გარანტია არ ვრცელდება.

ამას გარდა, Procon-ში თვლიან, რომ Apple-ის ცალკეული გარანტიები არღვევს მომხმარებელთა დაცვის ფედერალურ კანონებს. მაგალითად, არ იღებს პასუხისმგებლობას მოწყობილობის ფარულ დეფექტებზე, არაკორექტულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, როგორც საკუთარის, ასევე სხვისი. რეგულატორი ასევე დარღვევად თვლის იმ ფაქტს, რომ Apple არ იძლევა საკუთარი გაჯეტების უწყვეტი და უშეცდომო მუშაობის გარანტიებს.

კომპანიას აქვს უფლება ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივროს.

კოკა კვირკველია