Porsche-მ 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად,  რეკორდული შემოსავალი მიიღო

სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიამ Porsche AG-მ 2020 წელს რეკორდული შემოსავალი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ საავტომობილო მრეწველობას მსოფლიოს მასშტაბით, სერიოზულად დაარტყა.

როგორც Porsche-ს პრესრელიზში ვკითხულობთ, გასულ წელს კომპანიამ 28,7 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, მაშინ როცა 2019 წელს 28,5 მილიარდის შემოსავალი ჰქონდა. კომპანიის ოპერაციული შემოსავლები კი 4,4 მილიარდიდან 4,2 მილიარდამდე შემცირდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ პანდემიის გამო გარკვეული სირთულეები ჰქონდათ, მათ შორის დილერების ცენტრების მასიური დახურვა და ა.შ., თუმცა, მიუხედავად ამისა, Porsche-ს დაუფიქსირდა მოთხოვნის შესამჩნევი ზრდა, რომელმაც საშუალება მისცა, პირველი კვარტლის ვარდნის კომპენსირება მოეხდინა.

Porsche-მ გასულ წელს 272 ათასი ავტომობილი გაყიდა, რაც მხოლოდ 3%-ით ნაკლებია 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე. კომპანიამ მათ შორის, გაყიდა 20 ათასი სრულიად ელექტროავტომობილი Taycan-ი, რომლის მიწოდება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

ცნობისთვის, ჰიბრიდული ან სრულად ელექტროავტომობილების წილი Porsche-ს გლობალურ გაყიდვებში 2020 წელს გაიზარდა 17%-ით, მათზე მოვიდა ბრენდის გაყიდვების მესამედი. კომპანიას იმედი აქვს, რომ 2025 წლისთვის ელექტრომობილების გაყიდვების წილს - 50%-მდე, ხოლო 2030 წლისთვის - 80%-მდე გაზრდის.

კოკა კვირკველია