ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი 2014 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

შსს-ს ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბერი 402 307 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე -3,8 %-ით ნაკლებია.

რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 059 832 ვიზიტი განხორციელდა, რაც 1,2%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი - 2 071 690 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 8%); ბ) ტრანზიტი - 1 023 421 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -8%); გ) სხვა - 1 964 721 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,003%).

2014 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-7%), აზერბაიჯანიდან (-0,8%), სომხეთიდან (+2,7%), რუსეთიდან (-8%) და უკრაინიდან (-8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 87%, 29%, 25%, და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (35%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსის მოქალაქეები 48%-იანი მატებით.