როგორია ბიოდეგრადირებადი პირბადეები, რომლებიც მიწაში დარგვის შემდეგ ყვავილებად იქცევა

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში მცხოვრებმა გრაფიკულმა დიზაინერმა მარიან დე ჰროტ-პონსმა საკმაოდ უჩვეულო და ორიგინალური პირბადეები შექმნა. მის მიერ დამზადებული პირბადეები გარდა იმისა, რომ ადამიანს კორონავირუსის გავრცელებისგან იცავს 100%-ით ბიოდეგრადირებადია და მარტივად იშლება.

ამასთან ერთად, პირბადეები სრულიად ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან, ბრინჯის ქაღალდისგან და ყვავილის თესლისგან მზადდება, რომელიც მიწაში დარგვის შემთხვევაში ყვავილად იქცევა.

პირბადეებს რეზინის ძაფების ნაცვლად მატყლისგან დამზადებული ზონრები აქვს, რომლებიც იდეის ავტორის განცხადებით საკმაოდ კომფორტულია და ხანგრძლივი მოხმარების დროს ყურებს არ აზიანებს.

მარიან დე ჰროტ-პონსის თქმით, მის მიერ დამზადებული ორიგინალური პირბადეები ადამიანებს ისევე იცავს, როგორც სახლში დამზადებული ქსოვილის ნიღბები. მათი გამოყენება მხოლოდ ერთჯერადად არის რეკომენდირებული.

იდეის ავტორი ორიგინალური პირბადის მომხმარებლებს ურჩევს გამოყენების შემდეგ პირბადე ქოთანში ან ეზოში ჩარგონ, რათა მცენარის თესლი სწრაფად გაღვივდეს და ყვავილი დროულად გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების დღიდან პლანეტაზე ყოველდღიურად ნაგავსაყრელებში მილიონობით პირბადე ხვდება, რომლებიც ძნელად იხრწნება და გარემოს აბინძურებს.

ბექა ბერიაშვილი