საერთაშორისო ინვესტრებმა იტალიის დიდებულ სასტუმროებს თვალი დაადგეს. მათ ტურიტების დაბრუნებამდე მეპატრონე ოჯახებისგან სასტუმროების დროულად შეძენა-გარემონტება სურთ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
2020 წელს იტალიის სასტუმროებში სტუმრების რაოდენობა ორჯერ შემცირდა და COVID-19-ის მესამე ტალღასთან ბრძოლის გამო ბიზნესის აღდგენის შანსი წელსაც შემცირდა. თუმცა იტალიის ტურისტული სააგენტო ENIT 2023 წლისთვის სასტუმროებში კლიენტების რაოდენობის გაზრდასა და პანდემიამდელ მდგომაროებაზე გაცილებით მაღალ სტატისტიკას მოელის. ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში ინვესტორების მოლოდინი, დაეუფლონ სასტუმროებს, ხანგრძლივდება ე.წ. მებრძოლი მეპატრონეების გამო. თუმცა ბვერი მათგანი ინვესტორთა წინადადებაზე ფიქრობს.
”შერწყმისა და ჩაყლაპვის ქმედებები ფოკუსირებულია აქტივების ნაჩუქარ ფასად მოპოვებაზე. მეპატრონე ოჯახები, რომლებიც არასდროს ფიქრობდნენ სასტუმროების გაყიდვაზე, დღეს მზად არიან, წინადადებები მოისმინონ“, - აცხადებს ტურისტული სააგენტოს კონსულტანტი მარკო ზალამენა. ბაზრის მცოდნე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით Reuters წერს, რომ ამჟამად გასაყიდად გამოტანილია მინიმუმ 4 მდიდრული სასტუმრო.
მათ შორისაა, ხუთვარსკვლავიანი ოჯახური სასტუმრო Majestic, გრანდ-ოტელი Via Veneto, რომელიც რომის ცნობილ ქუჩა ვია ვენეტოზე მდებარებს. ჩრდილოეთით, კომოს ტბის სანაპიროზე სასტუმრო Britannia იყიდება, ხოლო კომპანია Aina Hospitality-მა, რომელიც უძრავი ქონების ოპერაციებს ახორციელებს, მილანის სასტუმრო Four Points კონტროლქვეშ აიყვანა.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება ისიც, რომ ვენეციაში, სან-მარკოს მოედნის გვერდით მდებარე სასტუმრო Palace Bonvecchiati-ის მეპატრონეებმა გასულ წელს ინვესტორებთან წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს. თუმცა სასტუმროს ერთ-ერთმა მეპატრონე ელიხი პატიესმა Reuters-ს განუცხადა, რომ ეს მოლაპარაკებები სწრაფად დასრულდა და ჯერ-ჯერობით ისინი სასტუმროს გაყიდვით დაინტერესებული არ არიან.
სასტუმრო ბიზნესში ინვესტირების რეიტინგში იტალია პირველ ადგილზეა. უძრავი ქონების სფეროში ბიზნესის განვითარებაზე მომუშავე კერძო საინვესტიციო კომპანიის Patrimonia-ს დირექტორი რაიმონდო გაეტანი აცხადებს, რომ იტალიაში, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, უფრო მეტი ელიტარული მიმართულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებს სასტუმრო ბიზნესიდან მეტი მოგების მიღება შეუძლიათ. წელს Patrimonia კონსულტაციას უწევდა ბრიტანეთის კერძო საინვესტიციო კომპანია Reuben Brothers-ს ვენეციის ისტორიული სასტუმროს Luna Baglioni 100 მლნ ევროდ შესყიდვის მიზნით.
თებერვალში იტალიურმა ოჯახმა Billi-მ რომში სასტუმრო Grand Hotel de la Minerve ადგილობრივ საინვესტიციო ფონდ Arsenale-ს მიყიდა. Arsenale-ის გენერალური დირექტორის პაოლო ბარლეტას პროგნოზით, თუკი დღეს მსოფლიოს მსხვილი სასტუმროების ქსელში იტალიის სასტუმრო სექტორის წილი 7%-ია, ათი წლის განმავლობაში იტალია ამ ბაზრის 25-30%-ს დაიკავებს.
Eurostat-ის მონაცემებით, იტალიას სასტუმროების რაოდენობით ევროპაში ყველაზე დიდი პორტფელი აქვს და გერმანიასა და ესპანეთს უსწრებს. იტალიაში 32 700 სასტუმრო და 1,1 მილიონი ნომერია, გერმანიაში - 32 200 სასტუმრო, ესპანეთში კი - 19 700.
მცირე და ოჯახური სასტუმროების მხარდასაჭერად იტალიის სახელმწიო ინვესტორმა CDP-მა 2-მილიარდიანი ევროს ოდენობის ფონდი დააარსა, რომელიც სექტორში ინვესტიციებს განახორციელებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ