”ხე”, რომელიც ელექტროენერგიას წარმოქმნის

ფრანგი ინჟინერების ჯგუფმა ხელოვნური ხე შექმნა, რომელსაც ქარის ელექტროენერგიად გარდაქმნა შეუძლია.

ახალი მოწყობილობა თითქმის უხმოდ მუშაობს და ელექტროენერგიას ჰაერის ოდნავ მოძრაობაზეც კი წარმოქმნის. ”იდეა თავში იმ დროს მომივიდა, როდესაც უქარო ამინდში, ფოთლების შრიალს ვადევნებდი თვალყურს. ენერგიას ვიღებთ ჰაერიდან და გადაგვყავს ვატებში” - ამბობს Wind Tree-ის ავტორი ჟერომ მიშო-ლარივიერი, სტარტაპ კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც უკვე 2015 წელს ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიის გაყიდვებს გეგმავს. როგორც გაირკვა, ახალი მოწყობილობა ფოთლის ფორმის პლასტიკატებს იყენებს, რომლებიც ქარის ენერგიას ელექტროენერგიად აქცევენ. ამასთან, ქარის მიმართულება ზემოთ ნახსენებ პროცესზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს.

8 მეტრიანი ხის შექმნაზე ინჟინერებმა სამი წელი დახარჯეს. ”ხე” ამჟამად საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთითაა განთავსებული. გამომგონებელი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი ”ხეები” ყველა ეზოს და ქუჩას დაამშვენებს.