კავკასიის კომუნიკაციების ცენტრი

კავკასიის უნივერსიტეტში სიახლეა - უნივერსიტეტის ბაზაზე 2020 წელს შეიქმნა კავკასიის კომუნიკაციის ცენტრი, რომლის შექმნის მიზანია კომუნიკაციის სფეროში საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, უახლეს მიდგომებზე დაფუძნებული პლატფორმების შესწავლა-შეთავაზება, სტრატეგიების, ტექნოლოგიების შემუშავება, ადაპტირება და დანერგვა.

სიახლის ფარგლებში, ცენტრი იწყებს სტრატეგიული კომუნიკაციების სასერტიფიკატო პროგრამას, რომელიც აკადემიური მიმართულების ერთ-ერთი პროექტია.

კურსი მორგებულია თანამედროვე ქართული და ევროპული ბაზრის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კომპლექსური ცოდნის შეძენა/გაღრმავებასა და პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაზე.

კავკასიის კომუნიკაციების ცენტრის დირექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი გიორგი ბარკალაია: „CCC საუკეთესო საფუძველი და გარანტიაა კომუნიკაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტის თუ მუშაობის დაწყების მსურველის კვალიფიკაციის მნიშვნელოვნად ამაღლებისთვის. ცენტრი იქნება ადგილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში თუ სხვა ქვეყნებში მოღვაწე კომუნიკაციების სპეციალისტებისთვის, გაერთიანდნენ აკადემიური კვლევების, ახალი მიდგომების გარშემო და ხელი შეუწყონ დარგის განვითარებას.“

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას, სამოქმედო გეგმის ტაქტიკური ნაბიჯების განსაზღვრას; კამპანიების დაგეგმვას, მართვას და შედეგების მონიტორინგს; კომუნიკაციის პროცესში წყაროს, აუდიტორიისა და შეტყობინების რელევანტურად განსაზღვრასა და კომუნიკაციის ადეკვატური არხებით გადაცემას; ღონისძიებების დაგეგმვას, მენეჯმენტს; მედიასთან ურთიერთობის წარმართვას, მედიისათვის კონტენტის შექმნას; დაინტერესებულ მხარეებთან (stakeholders) ურთიერთობის მენეჯმენტს; რეპუტაციის განზომილებების მონიტორინგს და რეპუტაციის მართვას; კრიზისული ვითარების პრევენციას და მართვას; იმიჯის ფორმირებას; საჯარო გამოსვლის ტექსტის შექმნას (speech writing) და საჯარო გამოსვლის ტექნიკას; მარკეტინგული გეგმის შედგენას, მარკეტინგული კვლევის დაგეგმვას, ბრენდინგს, მარკეტინგული კომუნიკაციის წარმართვას და სხვა.

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეიძენენ სპეციალურ ცოდნას „ყალბი ახალი ამბების“ (fake news) ამოცნობა-იდენტიფიკაციასა და მისი გავრცელების არეალის შეზღუდვის შესახებ. აგრეთვე, მათ ექნებათ საბაზო ცოდნა პოლიტიკურ სტრატეგიებში და პიარში, იქნება ეს პოლიტიკურ ფიგურასთან (გუნდთან) თანამშრომლობის თუ საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობის ფორმატი, თუ აუდიტორიის დამოკიდებულებების შეფასებასა და მისი შეცვლის მექანიზმების გამოყენება კამპანიის დაგეგმვისა და წარმართვისას.

კურსის დასრულებისას გაიცემა კავკასიის კომუნიკაციების ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

(R)