2020 წლის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 49,407 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 0.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 2020 წელს წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2020 წელს 6.9 პროცენტით განისაზღვრა.
„საქსტატის“ ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.7 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.8 პროცენტი), მშენებლობა (8.9 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.9 პროცენტი).
„ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (7.9 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (3.6 პროცენტი), განათლება (3.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (1.8 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (7.1 პროცენტი).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-37.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-22.3 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-5.6 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-18.9 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-37.9 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-18.4 პროცენტი), მშენებლობა (-4.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-5.0 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.