საქართველო მსოფლიოში თხილის მწარმოებელი ქვეყნების შვიდეულშია - ქვეყნები, სადაც პროდუქტს ვყიდით

საქართველოდან ახალი თხილისა და კაკლის ექსპორტი გაორმაგდა.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 7,2 მლნ აშშ დოლარის ქართული პროდუქტი გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 15,8 მლნ აშშ დოლარის (ადგილობრივი ექსპორტი). ამასთან, 2020 წლის აგვისტოდან, 2021 წლის თებერვლის ჩათვლით საქართველომ 89,3 მლნ აშშ დოლარის თხილის ექსპორტი განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე თხილის ექსპორტის/წარმოების მხრივ, საქართველო შვიდეულში შედის. კერძოდ, როგორც East fruit-ი წერს, მსოფლიოში თხილის უდიდესი მწარმოებელი და ექსპორტიორი თურქეთია. თურქეთზე მოდის მსოფლიო წარმოების 70%, ხოლო მსოფლიო ექსპორტის - 75%. დანარჩენი 25% კი იტალიაზე, აზერბაიჯანზე, აშშ-ზე, ჩილეზე, საქართველოსა და ირანზე. უფრო კონკრეტულად: იტალია 7%, აზერბაიჯანი - 3%, აშშ - 3%, ჩილე -3%, საქართველო - 2%, ირანი - 2%.

როგორც გამოცემა წერს, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, თურქეთიდან თხილის ექსპორტის მოცულობა 19% -ით შემცირდა, რამაც ამ ქვეყნის თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 11% -ით შეამცირა. ამასთან, საექსპორტო სეზონის განმავლობაში 2020/21 (1-ლი სექტემბერი - 2020 წლის 31 დეკემბერი), თურქეთმა 106,8 ათასი ტონა (732,8 მლნ აშშ დოლარი) თხილის ექსპორტი განახორციელა, ეს მაშინ, როდესაც 2019/20-ის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 168,0 ათას ტონას (1,1 მლრდ დოლარი) შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 36,4%-ით შემცირდა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა ქართულ თხილს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. ტოპ-10 ქვეყანა კი, სადაც საქართველომ 2021 წლის იანვარ-თებერვალში თხილის ექსპორტი განახორციელა, ასე გამოიყურება:

  • გერმანია - 4, 2 მლნ აშშ დოლარი (704,3 ტონა)
  • იტალია - 2,1 მლნ აშშ დოლარი (339,4 ტონა)
  • რუსეთი - 1, 2 მლნ აშშ დოლარი - (205,9 ტონა)
  • ბელარუსი - 888,5 ათასი აშშ დოლარი ( 138,6 ტონა)
  • ჩეხეთი - 874, 3 ათასი აშშ დოლარი (143,8 ტონა)
  • საფრანგეთი -829,6 ათასი აშშ დოლარი (127 ტონა)
  • სომხეთი - 813,3 ათასი აშშ დოლარი (186,5 ტონა)
  • ლიეტუვა - 699,3 ათასი აშშ დოლარი (107,5 ტონა)
  • უკრაინა - 620,4 ათასი აშშ დოლარი (134,2 ტონა)
  • ყირგიზეთი - 535, 3 ათასი აშშ დოლარი (202,7 ტონა)

გარდა ამისა, ქართული თხილი იყიდება: უზბეკეთში, თურქეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, სლოვაკეთში, სინგაპურში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პოლონეთში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, ყაზახეთში, ისრაელში და ა.შ.

ნინი ქეთელაური