ლიკა რაზმაძე სამეგრელოდანაა. ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. ნიჭიერმა გოგონამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. STEM მიმართულებებზე თავდავიწყებით შეყვარებული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადებში. მათემატიკაში „კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე“ აღებული აქვს პირველი ხარისხის დიპლომი. სკოლის პერიოდში მისი მიღწევები მხოლოდ მათემატიკას არ უკავშირდებოდა, ამას ის ჯილდოც მოწმობს, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ქართული ენისა და ლიტერატურის 73-ე კონფერენციაზე მოიპოვა. მისმა ნაშრომმა თემაზე „გვირილებიდან გოლგოთამდე“ უდიდესი მოწონება დაიმსახურა და შესაბამისად, გოგონას კიდევ ერთი წარმატება, პირველი ადგილი მოუტანა. ჯერ კიდევ მე-10 კლასში, როგორც მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდას საჩუქრად ლეპტოპი გადაეცა. გარდა საგანმანათლებლო პროექტებისა, ლიკა აქტიურად იყო ჩართული კლასგარეშე ღონისძიებებშიც. თავის ჯგუფთან ერთად საინტერესო პროექტი წარადგინა, რომლის განხორციელების შედეგად, დღეს, მის მშობლიურ სკოლას რეკრეაციულად მოწყობილი სკვერი ამშვენებს.
სკოლის პერიოდში მიღწეულმა წარმატებებმა ლიკას მომავალი მნიშვნელოვნად განსაზღვრა. გოგონას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სწავლისა და კამპუსზე ცხოვრების გადასახადი დაუფინანსა, ასევე, დაუნიშნა ყოველთვიური სტიპენდია. სტუდენტისათვის ყველა ეს მატერიალური შეღავათი ძალიან ბევრს ნიშნავს, ასევე ბევრს ნიშნავს ის პერსპექტივა, რომელსაც KIU სამომავლოდ სთავაზობს. მსოფლიო დონის უნივერსიტეტში სწავლა მოსწონს, მიაჩნია, რომ საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი და უცხოელი პროფესორებისაგან ხარისხიან უმაღლეს განათლებას იღებს და ეს ყოველივე დაეხმარება არჩეულ პროფესიაში თავის დასამკვიდრებლად.
საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ლიკა აქტიურად არის ჩართული. მონაწილეობდა „ზამთრის სკოლაში“. ამჟამად, ჯგუფთან ერთად ჩართულია პროექტში, რომლის განხორციელების შემთხვევაში შეიძლება თანატოლებს სიახლე - „KIU ახალი ამბები“ შესთავაზოს. ამ პროექტით სტუდენტებს სურთ, რომ უფროსკლასელებს საინტერესოდ და სახალისოდ აუხსნან მათემატიკის საკითხები და დაეხმარონ საგნის უკეთ დაუფლებაში.
„KIU ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია. უმაღლესი განათლების ეს ცენტრი ყველა მოსწავლისთვის საოცნებო ადგილია. აქ მოხვედრის შემდეგ ახალგაზრდები ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებთ, ვიძენთ უდიდეს ცოდნას, ვეჩვევით დამოუკიდებელ აზროვნებას.
სტუდენტურ შესაძლებლობებზე გათვლილი სასწავლო სისტემა, წიგნებით სავსე ბიბლიოთეკა, ძალზედ საინტერესო ნაცნობი თუ უცნობი თემები და თბილი გარემო - ეს მხოლოდ ნაწილია იმ შესაძლებლობისა, რომელსაც უნივერსიტეტი ახალგაზრდებს გვთავაზობს. ეს არის ადგილი, რომელიც ჩვენი წარმატების სამუდამო გარანტიას იძლევა.“ - მათემატიკის პროგრამის სტუდენტი ლიკა რაზმაძე.
გასულ კვირას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა. უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ისწავლონ და იცხოვრონ კამპუსზე. ამჟამად, KIU-ში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე – მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები მიმდინარეობს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მიმდინარე გაზაფხულზე აბიტურიენტებისთვის დაგეგმილია ღია კარის დღეები. ასევე, მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.