დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორ-სამ თვეში საკუთარი სოციალური ქსელის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ტრამპის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა. მისი თქმით, პლატფორმა ათობით მილიონ ადამიანს მიიზიდავს.

„ეს სოციალური ქსელი ყველაზე ძლიერი გახდება და არსებულ თამაშის წესებს შეცვლის,“ - აცხადებს მილერი, რომელსაც სხვა დეტალებზე არ უსაუბრია და არც ის უთქვამს, თუ რა ფორმით მიიღებს მასში მონაწილეობას თავად დონალდ ტრამპი.

რესპუბლიკელებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საჭიროა ახალი სოციალური ქსელის შექმნა, რადგან პოპულარულ ქსელებს დემოკრატების მხარდამჭერები აკონტროლებენ.

დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ანგარიშები Twitter-მა და Facebook-მა დაბლოკეს იმ არგუმენტით, რომ ტრამპი ხელს უწყობდა ძალადობისა და უწესრიგობის წახალისებას.

მანამდე დონალდ ტრამპი Twitter-ს საკუთარი შეფასებებისთვის ძირითად პლატფორმად იყენებდა. მას 88 მლნ ხელმომწერი ჰყავდა. ამის მიუხედავად, კომპანიამ ყოფილი პრეზიდენტის ანგარიში საბოლოოდ გააუქმა. Twitter-ში აცხადებენ, რომ ტრამპმა ქსელის ძირითადი წესები უგულებელყო. მას ასევე, შეეზღუდა წვდომა სხვა სოციალურ ქსელებზე, როგორიცაა Facebook, Instagram, YouTube, Snapchat და TikTok. შეზღუდვები ტრამპის ზოგიერთ მხარდამჭერსაც შეეხო.

დონალდ ტრამპი საკუთარი ციფრული ონლაინ-ტელევიზიის შექმნასაც აპირებს, რომელმაც, მისი თქმით, კონკურენცია უნდა გაუწიოს Fox News-ს. ონლაინ-ტელევიზიის მაუწყებლობა მხოლოდ ხელმომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

კოკა კვირკველია