Nestlé უკონტაქტო ყავის მანქანებს კიდევ უფრო ფართოდ დანერგავს

შვეიცარული ტრანსნაციონალური კომპანნია Nestlé Société Anonyme (Nestlé S.A) პოსტპანდემიურ პერიოდში ყავაზე მოთხოვნილების გაზრდისთვის ემზადება. Nespresso და Nescafe-ს მწარმოებელი Nestlé S.A გეგმავს, კიდევ უფრო ფართოდ დანერგოს ბაზარზე საოფისე ყავის მანქანები, რომელთა მართვასაც მომხმარებელი სმარტფონის საშუალებით შეძლებს.

„ამით ჩვენ გვსურს, მომხმარებლები ვირუსის გადაცემის საფრთხეს ავარიდოთ“, - აცხადებს Bloomberg-თან ინტერვიუში Nestlé-ს ყავის ბრენდების მენეჯერი დევიდ რენნი. 24-მილიარდიანი დოლარის ბრუნვით, ყავა 2020 წელს Nestle-ს პროდუქციებში გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი იყო. 2018 წელს Nestlé-მ ყავის გაყიდვებისა და ყავახანების ქსელის ამერიკულ კომპანია Starbucks-თან პარტნიორობისთვის 7,15 მლრდ დოლარი დახარჯა და დღეს მსოფლიო მასშტაბით კომპანია ამზადებს პროდუქციას ყავის ქსელებსა და სახლის პირობებში გამოყენებისთვის. კომპანიისთვის მეტად მომგებიანი იყო, როცა პანდემიის დროს მომხმარებლები, კაფეებში სიარულის ნაცვლად, Nespresso-ს მანქანებით მოიხმარდნენ Starbucks-ის ყავის კაფსულებს. მიმდინარე ვაქცინაცია პოსტპანდემიურ პერსპექტივებს აჩენს და ამიტომ Nestle საოფისე უკონტაქტო მანქანების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, საშინაო მოხმარებისთვის ახალი არომატის კაფსულებისა და ხსნადი ყავის გამოშვებას გეგმავს.

„ადამიანები ოფისებში იმ რაოდენობით შეიძლება აღარ დაბრუნდნენ, რა რაოდენობითაც კორონავირუსამდე იყვნენ, ამიტომ საშინაო პირობებში ყავის მოხმარებაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“, - აცხადებს დევიდ რენნი.

ის ყველაზე დიდ პერსპექტივას ჩინურ ბაზარზე ხედავს, რადგან სხვებთან შედარებით, ეს ქვეყანა კარანტინისგან ყველაზე სწრაფად გათავისუფლდა. გასულ წელს კომპანიამ ჩინეთში 900-მდე Starbucks-ის დახლი გახსნა. ქსელის გაფართოებისთვის პრიორიტეტულ ბაზრებად დევიდ რენნი ინდოეთსა და აფრიკასაც ასახელებს.

რამდენიმე კვირაში უკონტაქტო ყავის მანქანებს Nestle ჩინეთსა და რუსეთში წარადგენს. Nespresso-ს ყველაზე მსხვილი ბაზარი აშშ-ია, რომელმაც გასულ წელს საფრანგეთს გადაუსწრო. 2021 წელს კომპანიის ყურადღების ცენტრში ცივი და არომატიზებული ყავა მოექცევა. მაგალითად, ტროპიკული ქოქოსის არომატიანი ცივი ყავის გამოშვების გარდა, Nestle სხვა არომატიზატორებსაც განიხილავს.

2014 წელს შვეიცარულმა კომპანიამ ამერიკელი მომხმარებლებისთვის Nespresso-ს ყავის მანქანის ახალი ვერსია წარმოადგინა, სახელწოდებით Vertuoline. ეს აპარატი ყავის დიდი ჭიქით დამზადებისთვისაა გათვლილი.

Euromonitor-ის რეიტინგით, გასულ წელს Nespresso-ს კაფსულებმა ამერიკულ Green Mountain-ს გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა, წამყვანი ადგილზე კი Starbucks-ის ყავის კაფსულებია. Nestle-ს 76 ქვეყანაში 816 Nespresso-ს ყავახანა აქვს გახსნილი.

Nestlé-ს ყავის ბრენდების მენეჯერი მოელის, რომ უახლოეს წლებში ყავის მსოფლიო ბაზარი 4-5%-ით გაიზრდება. გასულ წელს Nestle-ს ყავების გაყიდვებმა 5%-ით მოიმატა, თუმცა სახლის გარეთ ყავის მოხმარების სეგმენტი ეპიდემიამდელ დონეს 2-3 წლის შემდეგ მიაღწევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ