სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სტუდენტების 30% ცოდნის რეალიზაციას ქვეყანაში არ ახდენს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, აუცილებელი პირობაა გრანტის მისაღებად.
ანგარიშით ირკვევა ისიც, რომ ცენტრი არ ახორციელებს შესაბამის მონიტორინგს და მაშინ, როცა პროგრამით სწავლადაფინანსებული 6 პირი წარუდგენდა სამუშაო ცნობას, ამ პერიოდში საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდნენ.
ცნობისათვის, ეფექტიანობის აუდიტი მოიცავს განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობას 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით.
,,ცენტრის მიერ სათანადოდ არ ხორციელდება ვალდებულების შესრულების პერიოდული მონიტორინგი დასაქმების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიმართულებით. 2015-2018 წლებში ცენტრში დასაქმების ცნობა წარმოდგენილი აქვს 138 ბენეფიციარს. ამ პირებიდან 52 მათგანს − 38%-ს, 2020 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში არც ერთ თვეში არ უფიქსირდება შემოსავალი ხელფასის ან მომსახურების ანაზღაურების სახით.
გარდა ამისა, ფიქსირდება 6 ისეთი შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარის მიერ ცენტრში წარმოდგენილია ცნობა დასაქმების შესახებ და იმ პერიოდში აღნიშნული პიროვნება არ იმყოფებოდა ქვეყანაში. 28 აღნიშნულ ბენეფიციარებს ხელშეკრულების მიხედვით არ მოეთხოვებოდათ ქვეყანაში 3 წლით დაყოვნება, თუმცა აღსანიშნავია ფაქტების ერთმანეთთან შეუსაბამობა“ - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. რომლითაც ასევე ირკვევა, რომ ცენტრის მიერ დასაფინანსებელი პრიორიტეტული მიმართულებები არ ეფუძნება სისტემურ კვლევას;
-ცენტრს არ აქვს გაწერილი კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმები და მეთოდოლოგია;
-ცენტრისა და სამინისტროს მიერ არ არის დანერგილი შეფასებისა და მონიტორინგის საკმარისი მექანიზმები;
-ცენტრში დანერგილი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს კონკურსის მესამე ეტაპის − აპლიკანტთა გასაუბრების პროცესის სრულად აღდგენის შესაძლებლობას, რაც ხელს უშლის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ამცირებს სანდოობას;
-ცენტრს არ აქვს შემუშავებული სტუდენტთა საზღვარგარეთ საჭირო საყოფაცხოვრებო თანხების განსაზღვრის მეთოდოლოგია;
ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიის თანახმად, განათლების სისტემა წარმატების მისაღწევად საჭიროებს ძალისხმევის გაგრძელებას საგანმანათლებლო სისტემის ინტერნაციონალიზაციისთვის, ცოდნის გაღრმავების გაძლიერებისთვის, აკადემიური პერსონალისა და კადრების, ასევე სტუდენტების საერთაშორისო მობილობისათვის. ამ მიზნით, 2014 წელს შეიქმნა „საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომელსაც ახორციელებს სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრი.
განათლების საერთაშორისო ცენტრის გრანტის მიმღების ვალდებულება ცენტრისა და სახელმწიფოს წინაშე წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა პროგრამის მიზანი − საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება, უცვლელია.