დევიდ დათუნამ ახალი ნამუშევარი მაიამი არტ ბაზელზე წარადგინა

ინსტალაცია - მერლინ მონროს ათი პორტრეტი, დევიდ დათუნას სტილში, ოპტიკური ლინზებით არის შესრულებული.

Bloomberg Businessweek ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართული წარმოშობის ცნობილმა ამერიკელმა მხატვარმა დევიდ დათუნამ, მაიამი არტ ბაზელის ფარგლებში თავისი ახალი ნამუშევარი „ნოსტალგია უორხოლზე“ წარადგინა. ინსტალაცია - მერლინ მონროს ათი პორტრეტი, დევიდ დათუნას სტილში, ოპტიკური ლინზებით არის შესრულებული.

„ნოსტალგია უორხოლზე“ ენდი უორხოლის ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის, მერლინ მონროს პორტრეტის ახლებული გააზრებაა. დევიდ დათუნას განცხადებით, ეს არის მოძრაობის ილუზია სამ განზომილებაში, რომელსაც მაყურებელი წარსულიდან აწმყოში გადაჰყავს და მომავლისკენ უბიძგებს.

შარშან მაიამი არტ ბაზელზე დევიდ დათუნამ თავისი ცნობილი ნამუშევარი „ამერიკის პორტრეტი“ წარადგინა. ეს არის პირველი ინსტალაცია, რომელსაც გააჩნია ინტელექტი და Google Glass -ის დახმარებით აქტიურდება. წარდგენისთანავე „ამერიკის პორტრეტი“ თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ნამუშევრად იქცა.

დევიდ დათუნა დღეს ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი და განხილვადი ხელოვანია. მისი გამოფენები მთელ მსოფლიოში იმართება. 18 ნოემბერს მან ქართველ ერს საჩუქრად გადასცა მის მიერ შექმნილი საქართველოს დროშა „საქართველო - მილიონების იმედი“. აღნიშნული ნამუშევარი ათასობით ოპტიკური ლინზისგან არის შექმნილი.

ინფორმაციისთვის: მაიამი არტ ბაზელი არის უმსხვილესი საერთაშორისო არტ-შოუ, რომელიც 1970 წლიდან ყოველწლიურად იმართება მაიამიში და წარადგენს თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებს. მასში 250 გალერეა მონაწილეობს. არტ-შოუს 70 000-მდე მაყურებელი სტუმრობს.