გერმანიაში “ლოქდაუნის“ რეჟიმი 18 აპრილამდე გახანგრძლივდება,- მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რეგიონების ხელმძღვანელებმა რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
ამასთან, აღდგომის დღესასწაულის დღეებში, 1-5 აპრილს, ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. აღნიშნულ პერიოდში დაიხურება ყველა მაღაზია. სუპერმარკეტები მხოლოდ შაბათ დღეს, 3 აპრილს იმუშავებენ. აღდგომის დღეებში მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ, კერძო წვეულებებზე შეკრებილების რაოდენობა ხუთს არ უნდა აღემატებოდეს და სტუმრების მიღება მხოლოდ ერთი ოჯახიდან იქნება დასაშვები.
რაც შეეხება დანარჩენ დღეებს, 18 აპრილამდე დახურული დარჩება არააუცილებელი მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები, სპორტული დარბაზები და კულტურული ობიექტები.
”ჩვენ ახლა ძალიან, ძალიან სერიოზულ სიტუაციაში ვართ. შემთხვევების რიცხვი იზრდება და რეანიმაციების საწოლები კვლავ ივსება”, - განაცხადა ანგელა მერკელმა და დასძინა, რომ ინფიცირების რაოდენობა უნდა შემცირდეს.
ამასთან, გერმანიაში უცხოეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს კარანტინის გავლა და კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოეთხოვებათ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გერმანიაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.
რობერ კოხის ინსტიტუტმა გუშინ განაცხადა, რომ დაინფიცირების 7-დღიანი მაჩვენებელი, რომელიც 19 თებერვალს ყოველ 100 000 მოსახლეზე 56.8 -ს შეადგენდა, 107.3-მდე გაიზარდა.