ნოემბერში, რეგულაციების და კარანტინის წესების დარღვევის გამო ბათუმში დალუქული და დაჯარიმებული ფიტნეს კლუბი, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებს - ამის შესახებ „რეფორმერი ფიტნესის“ მფლობელმა გიორგი ფუტკარაძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად რეგულაციებისა, გახსნის შემდეგ, მუშაობის პრობლემა არ შექმნიათ. გაზრდილია მომხმარებლის რაოდენობა და ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, კომენდანტის საათია.
,,რეგულაციების აღსრულების მხრივ არავითარი პრობლემა არ გვაქვს. ვასრულებთ ყველა ნორმას და გაიდლაინს ახლაც ისე, როგორც დახურვამდე ვასრულებდით. რაღაცები კვლავ გაუგებარია, როგორც უნდა მოახდინონ განსაზღვრა, რომელი მომხმარებლისთვის რა ვარჯიში ითვლება ინტენსიურად. ვინ უნდა განუსაზღვროს ეს. ჩვენ რეგულაციამდეც ისედაც დაცული გვქონდა როგორც ჰიგიენური ნორმები, ასევე დისტანცია, რომელიც პანდემიის გარეშეც საჭიროა. ამას გრძნობს და ხედავს ჩვენი მომხმარებელიც.
მას შემდეგ, რაც მუშაობის აღდგენის ნება მოგვეცა, გაზრდილია მომხმარებელთა რაოდენობა და ინტერესი. ახლა, ერთადერთი პრობლემა კომენდანტის საათია, რაც ნამდვილად არ იწვევს მობილობის შემცირებას. პირიქით, ადამიანების ძირითადი ნაკადი საღამოს ცდილობს მოასწროს ვარჯიში და მათი კონცენტრაციაც ამ დროს ბევრად მეტია. მხოლოდ ჩვენთან არა. ასეა ყველა სექტორში იქნება ეს რესტორნები, მოლები თუ სხვა“- განმარტა ფუტკარაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორი სასამართლო დავა მიმდინარეობს კლუბთან დაკავშირებით, გახსნის ნებართა სახელმწიფომ გასცა. ახლა კი ,,რეფორმერი ფიტნესი“ საია-სთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს გეგმავს. თუმცა კონსტიტუციის რომელ ჩანაწერზე, ფუტკარაძე ჯერ არ აკონკრეტებს.
,,ჩვენს ფიტნეს ცენტრს ორ ნაწილში ედავებოდა სახელმწიფო. ჯარიმა გვაქვს გასაჩივრებული და უკვე ოთხი თვე გავიდა. მოგვწერეს, რომ მიმდინარეობს ჩვენი საჩივრის განხილვა. ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რეგულაციების დაუმორჩილებლობისთვის და არც ის შეწყვეტილა. მას შედეგ, რაც გამოცხადდა რეგულაციების მოხსნა ფიტნეს კლუბებისთვის, ამ ნაწილზე უკვე ჩვენ მივწერეთ 20 დღით ადრე, რომ გვჭირდებოდა მოსამზადებლად დრო. სამწუხაროდ, ლუქი 15 მარტამდე არ მოგვიხსნეს. თუმცა ჩვენ გვქონდა ალტერნატიული გეგმაც და შეფერხების გარეშე, მომენტალურად შევძელით გადაწყობა. გამოდის, რომ სამართლებრივი დავების პარალელურად გავიხსენით.
გახსნისას შედგა ოქმი და დალუქული ტრენაჟორები და დარბაზი გადმომაბარეს იმ პირობით, რომ არ შემიძლია გავასხვისო პროცესების დასრულებამდე. რეალურად, ესეც არასწორია, ამიტომაც ვგეგმავთ საკონსტიტუციო სასამართლოში რიგი ნორმების გასაჩივრებას, რომელიც იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვანი მიმართულებებით შეუცვლის ბიზნესს რეალობას, თუნდაც მცირედით. მეტ დეტალს ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი. როგორც კი სარჩელი მზად იქნება, კონკრეტიკაზე მერე ვისაუბრებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად“, - განაცხადა ,,რეფორმერის“ დამფუძნებელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, ,,რეფორმერი ფიტნესი“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განცხადა, რომ ბათუმში რეგულაციებიდან გამომდინარე მუშაობის უფლება შეზღუდულ ფიტნეს კლუბს საცხოვრებელ სახლად იქირავებდა. ამის შემდეგ კი შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა. ასევე, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კლუბის წინააღმდეგ სს საქმე აღიძვრა.