ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის რისკი თავიდან ავიცილოთ, პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცირება კვლავ პირველ წესად რჩება. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მესამე ტალღის რისკი, განსაკუთრებით ახალ შტამებთან მიმართებაში, არის საკმაოდ მაღალი. აუცილებელია პირბადის გამოყენება. სამწუხაროდ, კვლევები აჩვენებს, რომ პირბადის გამოყენების პროცესი შემცირდა და ეს არის ერთი, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, ასევე, ბიზნესის გარემოში წესების დაცვა და სოციალური დისტანცირება. რაც შეეხება იმას, რომ ვაქცინაციამ რამდენად შეიძლება მოგვცეს ეფექტი მესამე ტალღის აცილებაში, ჯერჯერობით ვაქცინაციის ეფექტი იქნება მინიმალური, რადგან მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე პერიოდში მოსახლეობის მცირე რაოდენობის ვაქცინირება მოესწრება, თუმცა ვაქცინაციის დაწყება და მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია იქნება საშუალება იმისთვის, რომ ლეტალობა, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები შემცირდეს მინიმუმადე. ამასაც ექნება გარკვეული წვლილი, თუმცა ძირითადად არის პირადი საშუალების გამოყენება და წესების დაცვა“ , - განაცხადა გაბუნიამ.