ყოველი მეხუთე ამერიკელი ბინის ქირას ვეღარ იხდის

კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ყოველი მეხუთე ამერიკელი ბინის ქირას დროულად ვერ იხდის, ხოლო ყოველ მეათე იპოთეკარს უძრავი ქონების სესხის შენატანზე ვადაგადაცილება აქვს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელინმა განაცხადა.

„22 მილიონი ამერიკელი ამბობს, რომ არასაკმარისი საკვები აქვს, ხოლო ყოველი მეათე ზრდასრული ამერიკელი შიმშილს განიცდის,“ - ნათქვამია ჯანეტ იელინის მოხსენებაში, რომელიც მან წარმომადგენელთა პალატის ფინანსთა კომიტეტის 23 მარტის მოსმენისთვის მოამზადა.

იელენი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი ითვალისწინებს 30-მილიარდიანი დოლარის დახმარებას დამქირავებლებისთვის და სახლების მფლობელებისთვის.

ახალ პაკეტზე საუბრის დროს იელინმა აღნიშნა, რომ ამის წყალობით ამერიკელები პანდემიასთან გამკლავებას შეძლებენ.

„მჯერა, პანდემიის შემდეგ მათ მზარდი ეკონომიკა ელოდებათ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლიდან სრულყოფილ ცხოვრებას დავუბრუნდებით,“ - განაცხადა მინისტრმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მარტის დასაწყისში ხელი მოაწერა ეკონომიკის სტიმულირების 1,9-ტრილიონიანი დოლარის პაკეტს. პაკეტი უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ 400 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დაახლოებით, 1 ტრილიონი დოლარი მოსახლეობას უნდა დაურიგდეს, დანარჩენი კი ეკონომიკის სტიმულირებას მოხმარდება.

კოკა კვირკველია