„ოლიგოპოლია გვაქვს ამ სექტორში“ - რა უნდა გაკეთდეს საწვავის ფასის შესამცირებლად

„როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ფასები იცვლებოდა და ნამდვილად იყო ტენდენცია შემცირებისკენ, ჩვენთან მაშინაც ვერ იკლებდა, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ ოლიგოპოლია გვაქვს ამ სექტორში“- ამის შესახებ "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტმა რამაზ გერლიანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე საწვავის ფასის მატებასთან დაკავშრებით განაცხადა.

მისი თქმით, არსებულ ვითარებაში მთავრობის მხრიდან, სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის დონეზე რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის საგადასახადო ნაწილში ხელშეწყობა, რათა ფასები მძიმედ არ დააწვეს მომხმარებლებს.

„ერთჯერადი გამოსავალი, თუნდაც მოკლევადიანი პერიოდისთვის, ნამდვილად არის აქციზის გადასახადის შემცირება. შედეგად მივიღებთ ფასების კლებას ან სტაბილიზაციას მაინც, რომ ზრდის ტენდენცია აღარ იყოს. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი გამოსავალია, მაგრამ პრობლემა, რომელიც ამ დარგშია, ეს არ არის კონკურენცია. ჩვენ ვიცით, რომ ეს სექტორი საკმაოდ მოიკოჭლებს კონკურენციის თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ არის რესურსი, თუ იქნება კონკურენცია, თავისუფალი შესვლა დარგში და თავისუფალი ბაზარი, ჩვენ მივიღებთ კონკურენტულ ფასებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ გლობალურ ფასებს და მოვლენებს არ ექნება ზეგავლენა, მაგრამ ასეთი ტემპით მაინც არ განხორციელდება საწვავის ფასის ცვლილება. ჩვენ ვნახეთ, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ფასები იცვლებოდა და ნამდვილად იყო ტენდენცია შემცირებისკენ, ჩვენთან მაშინაც ვერ იკლებდა, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ ოლიგოპოლია გვაქვს ამ სექტორში.

მთავრობის მხრიდან, სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის დონეზე რითაც შეიძლება მას ეშველოს, ეს არის საგადასახადო ნაწილში ხელშეწყობა, რათა მძიმედ არ დააწვეს ზოგადად მომხმარებლებს. იმიტომ, რომ იცით, საწვავის ფასი შემდეგ კონვერტირდება უკვე სხვა ტიპის ეკონომიკურ პროდუქტსა და მომსახურებაზე, რაც საბოლოო ჯამში, გადადის სოციალურ ტვირთში.

მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც არ შეიცვალოს აქციზის ნორმა და სხვა გადასახადები, ბიუჯეტს მაინც ექნება პრობლემები საგადასახადო ნაწილის შევსების კუთხით. შესაბამისად, ეს არის კარგი მომენტი, როდესაც უშუალოდ ვიღებთ საგარეო ვალს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად და სწორედ ამ პერიოდში ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები როგორც აქციზის, ისე სხვა გადასახადების მიმართულებით“,- განაცხადა რამაზ გერლიანმა.

ნინი ქეთელაური