”ეკონომიკა გარღვეული ბიუჯეტითა და მოყანყალე ლარით”

”ეროვნული ბანკი მხოლოდ ფულის მასას აკონტროლებს, მთავრობა კი - მთელ ქართულ ეკონომიკას”

”მეტი სუბსიდიები, ნაკლებად ეფექტიანი პროგრამები და დაუბალანსებელი სოციალური პოლიტიკა - ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ფასების ზრდაში, ლარის დევალვაციასა და ეკონომიკური ზრდის შეფერხებაში ვლინდება” - ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე, რომელიც ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე bpn.ge-ს ესაუბრა.

რომან გოცირიძე: ეკონომიკას საერთოდ ახასიათებს ინერციულობა. ჩვენს შემთხვევაში, ერთის მხრივ, ძველი ეკონომიკის ინერციით მიდის პროცესები, მეორეს მხრივ - ყალიბდება ახალი მოდელი, რომელიც ნელ-ნელა ენაცვლება ძველს. დღეს ის არა ვართ, რაც ორი წლის წინ ვიყავით, მაგრამ ჯერაც არა ვართ ის, რაც ორი წლის შემდეგ ვიქნებით. თუ ასე გაგრძელდა, არ გირჩევთ წარმოიდგინოთ, როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკა მომავალში: მას სილამაზისთვის ”სოციალურად ორიენტირებული” ერქმევა, სინამდვილეში კი, ეს იქნება ეკონომიკა გარღვეული ბიუჯეტით, მოყანყალე ლარითა და მთავრობის არაეფექტიანი პროგრამებით შექმნილი ბიზნესგარემოთი, სადაც ცხვირს მხოლიდ რისკიანი ინვესტორები თუ შემოყოფენ.

მოდით, გავიხსენოთ თუნდაც შარშანდელი წელი, როცა საბიუჯეტო ჩავარდნამ და ძველი ნაშთების ჭარბად გამოყენებამ მარტო დეკემბერ-იანვარში 470 მილიონი დოლარი შეიწირა ქვეყნის სავალუტო რეზერვებიდან. ჯერჯერობით მხოლოდ 80 მილიონი მოხმარდა ვარდნის შეფერხებას, მაგრამ რეალური შედეგი არ ჩანს, არადა, ზამთარი არც კი დაწყებულა. პრობლემა უფრო სიღრმისეულია, ვიდრე - "ტექნიკური". წელს კიდევ უფრო გაუარესდა სავაჭრო ბალანსის მდგომარეობა: მართალია, 2014 წლის 10 თვეში ექსპორტი 5%-ით გაიზარდა, მაგრამ იმპორტმა კიდევ უფრო მეტად - 11%-ით მოიმატა. დეფიციტის ზრდამ წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 600 მილიონი დოლარი შეადგინა. დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ზედიზედ სამ თვეში - აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში, ექსპორტის მოცულობა კლებულობს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის ერთ-ერთი მიზეზი აზერბაიჯანში და სომხეთში მანქანების რეექსპორტის შემცირებაც გახდა, რაც სავალუტო ბაზარსაც დაეტყო. დეფიციტი ვერც ჩვენმა "კოზირმა" დააბალანსა: ტურიზმიდან შემოსავალი უმნიშვნელოდ გაიზარდა, ხოლო ტურისტების რაოდენობამ მხოლოდ 2%-ით მოიმატა, ისიც ზაფხულის ხარჯზე. გაუაზრებელმა სავიზო პოლიტიკამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო: ბოლო თვეების განმავლობაში ტურისტების შემოსვლაც შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, განსაკუთრებით, ირანიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებისა. ასევე შემცირდა ტვირთების გადაზიდვაც, განსაკუთრებით რკინიგზის მიერ.

- და ყოველივე ამას დაერთო უცხოეთიდან, კერძოდ, რუსეთიდან გადმორიცხული გზავნილების შემცირებაც...

- მთლიანობაში ტრანსფერტები იგივე დარჩა, თუმცა ოქტომბერში რუსეთიდან გადმორიცხული თანხის კლება აღინიშნა 8,6 მილიონი დოლარის ოდენობით. წლის დასაწყისიდან ჯერჯერობით ტრანსფერტების მთლიანი მოცულობა არ შემცირებულა ამერიკიდან, იტალიიდან და ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან გადმორიცხვების მატების გამო. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ნოემბერ-დეკემბერში რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხამ კვლავ იკლოს, ამ ქვეყნის ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო. ეკონომიკურ პროცესებში სეზონურობასაც თავისი წვლილი შეაქვს, რადგან ზამთარში მეტი სავალუტო გადარიცხვები გვჭირდება გაზის, ელექტროენერგიის და სხვა საქონლის შესაძენად... სახარბიელო მდგომარეობა არა გვაქვს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივაც. ბიუჯეტში არასრული რაოდენობით შემოვიდა საგარეო კრედიტები ინფრასტრუქტურული მშენებლობების შეფერხების გამოც. ზოგადად, უუნარობა უკვე დამტკიცებული პროექტების განხორციელბაში, მთავრობის სერიოზული პრობლემაა. მიზეზები უკვე არა დროებით, არამედ ფუნდამენტურ ხასიათს იღებს. ეს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის კორექციის შედეგია, რომელიც მეტ რეგულირებაზე და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდაზეა ორიენტირებული. ლარმაც გაგვაფრთხილა... ერთი კვირაა ისმის გადაბრალების ხმები - ლარი მთავრობის სადარდებელი არ არის, ეს ეროვნულ ბანკს მოკითხეთო. ორივეს სადარდებელია, თუმცა ეროვნულ ბანკს რა რესურსი აქვს, რომ მარტო მოერიოს ამ პრობლემას?! კანონი ამას არც ავალდებულებს. კანონით, ეროვნული ბანკის სამიზნე არის ფასები და არა - ლარის კურსი. მისი მიზანი ფასების სტაბილურობაა, რაც მთელი ეკონომიკის და თითოეული ადამიანის ინტერესებში შედის. სხვათა შორის, ეს შავით თეთრზე წერია პარლამენტის დადგენილებაში ”საქართველოს 2014-2016 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ”. იგივე წერია კანონში ეროვნული ბანკის შესახებ. ფაქტია, რომ მთავრობა ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას, რადგან ეროვნული ბანკი მხოლოდ ფულის მასას აკონტროლებს, მთავრობა კი - მთელ ქართულ ეკონომიკას.

- საქართველოს ფინანსური სტაბილურობა დიდწილად არის დამოკიდებული უცხოეთში მომუშავე ჩვენი თანამემამულეების მიერ გადმორიცხულ თანხებზე. არის თუ არა ამ მხრივ რაიმე სერიოზული საფრთხე მოსალოდნელი?

-  მართლაც, გადმორიცხვები რუსეთიდან ოქტომბრის თვეში საგრძნობლად შემცირდა. ჯერ არა გვაქვს ნოემბრის მონაცემები, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდებოდა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლებამ კიდევ უფრო გააუარესა რუსული რუბლის მდგომარეობა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა კვლავ განაახლა ნოემბრის თვის განმავლობაში შეწყვეტილი სავალუტო ინტერვენციები, რადგან ფაქტობრივად, რუბლი უფსკრულში მიექანებოდა. როდემდე გაგრძელდება ხელისუფლების მიერ რუბლის კურსის მხარდაჭერა, ძნელი სათქმელია, ამიტომ, რუბლის მომავალი ბუნდოვანია. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს იქ დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების შემოსავლებზე. ამიტომ, ვალუტის შემოდინება რუსეთიდან მომავალშიც შემცირდება. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზეც, სადაც ასევე მოხდა გრივნის კურსის ვარდნა 85%-ით, თუმცა ამ უკანასკნელის ხვედრითი წილი მთლიან გადმორიცხვებში არ არის დიდი - დაახლოებით 2%-ის ტოლია, თუმცა უკრაინის ფაქტორი გასათვალისწინებელია ჩვენი ექსპორტის მოსალოდნელი კლებისა და დონბასში დასაქმებული ქართველების მიერ სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო. თუ გავიხსენებთ 2008 წლის აგვისტოს - ომის წინა და შემდგომ მოკლე პერიოდს, დავინახავთ, რომ ფულადი გადმორიცხვები მაშინ 10%-ით შემცირდა. ამას მსოფლიო საფინანსო კრიზისის ფაქტორიც განაპირობებდა. ალბათ, დაახლოებით ამ ფარგლებში შეიძლება ვივარაუდოთ რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებაც, რაც თვეში 6-7 მილიონი დოლარის ტოლი შეიძლება იყოს. რამდენ თვეს გაგრძელდება ეს პროცესი, ალბათ ვერავინ იტყვის. იგი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის უკარაინაში რუსეთის აგრესიის შეწყვეტაზეც.

აქვე ჩნდება კითხვა - მოახდენს თუ არა გავლენას რუსეთის საფინანსო კრიზისი ჩვენს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებაზე? - სავარაუდოდ, მოახდენს, რადგან საქართველოდან რუსეთში ექსპორტის ზრდის ტემპი შენელდება. იკლებს ღვინისა და მინერალური წყლების, ასევე სხვა საქონლის ექსპორტიორთა შემოსავლებიც. რუსი ტურისტების გადახდისუნარიანობა მკვეთრად შემცირდება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოში მათ შემოსვლაზე. სხვათა შორის, ეს პროცესი უკვე დაიწყო ევროპაში და სხვა ქვეყნებში. უკრაინის ვალუტის დევალვაციაც ახდენს საქართველოს ექსპორტზე გავლენას, ისევე როგორც დონბასის ბაზრის დაკარგვა და მთლიანად უკრაინის მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის კლება. მთლიანობაში, რუსეთის, ან უკრაინის ფაქტორი არ არის იმ მასშტაბისა, რომ მშპ-ის ზრდაზე სერიოზულად აისახოს, თუმცა პრობლემების შექმნა ნამდვილად შეუძლია. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად არასტაბილურია რუსეთის ბაზარი. ეს ქვეყანა კიდევ მრავალი ათეული წელი ვერ დაწყნარდება. იგი უმტკივნეულოდ ვერ დაძლევს ყირიმისა და დონბასის მიერთებას. რუსეთს მოუწევს დიდი ეკონომიკური ხარჯების გაწევა ამ რეგიონების შესანახად, ამიტომ, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ევროპის ბაზარზე ფეხის მოკიდება და მსოფლიოს სხვა ბაზრების ათვისებაა. რაც უფრო მეტად მივებმებით რუსეთს, მით უფრო მეტი იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკური, თუ პოლიტიკური არასტაბილურობის გავლენა საქართველოზე.

ხათუნა ჩიგოგიძე