Bloomberg - ტანსაცმლის ზომა ინტერნეტ-მაღაზიების სერიოზული პრობლემაა

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ელექტრონული კომერციის ბუმი მოიტანა, შერეული საქონლის ციფრულ მაღაზიებს უარყოფითი მხარეც აქვთ და ისინი ბევრი პრობლემის წინაშე დგანან, - წერს Bloomberg-ი ანალიტიკურ სტატიაში. შეზღუდვების შედეგად მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, ინტერნეტით შეეძინა მაგალითად, ტანსაცმელი, რომელიც გამომწერს ხშირად ზომაში არ ერგება და მისი დაბრუნება უწევს, ამას კი დიდი დრო მიაქვს. ინტერნეტ-მაღაზიების სერვისის სერიოზული პრობლემაა, ასევე კლიენტებისთვის ვადაგასული პროდუქციის მიწოდება.

მარტო აშშ-ში 2020 წელს, წინა წელთან შედრებით, მომხმარებლებმა ინტერნეტ- შესყიდვებზე 192 მლრდ დოლარზე მეტი დახარჯეს. შესაბამისად, ელექტრონული კომერციის აქციებმა მოიმატა. მაგალითად, ავეჯის მაღაზია Wayfair-ის აქციები ბოლო 12 თვის განმავლობაში 10-ჯერ გაიზარდა, ტანსაცმლის ონლაინ-მაღაზია titch Fix-ის აქციები 250%-მდე, მოდის ინდუსტრიის გლობალური პლატფორმა Farfetch-ის კი - 700%-მდე. 340%-მდე გაიზარდა მოდის ინდუსტრიის ბრიტანული პლატფორმის Asos-ის აქციებიც. თუმცა ამ მოწინავე ციფრულ მაღაზიებსაც დასახვეწი აქვთ ისეთი მომსახურებები, როგორიცაა კლიენტისთვის დახმარების გაწევა საქონლის სწორად შერჩევაში და მისი დაბრუნება-გადაცვლის პროცესის ოპტიმიზაცია.

ამ მხრივ ტანსაცმელი ყველაზე რთული სექტორია. ჯერ კიდევ პანდემიამდე ტანსაცმლის მაღაზიების დიდი ნაწილი ინტერნეტში გადავიდა. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გაყიდვების 18% ინტერნეტით განხორციელდა, ერთი წლის განმავლობაში კი ეს ციფრი 50%-მდე გაიზარდა. eMarketer-ის მონაცემებით, გასულ წელს „ონლაინ-ტანსაცმლის“ გაყიდვები, კვების პროდუქტებთან, სასმელთან, საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან, პირადი ჰიგიენის საშუალებებთან და საშინაო ავეჯთან შედარებით, ნაკლებად გაიზარდა, ამის მთავარ მიზეზად ტანსაცმლის ზომის შერჩევის პრობლემას ასახელებენ.

Bloomberg-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ ზომების შერჩევის პრობლემა ინტერნეტ-მაღაზიებისთვის თვითიზოლაციამდე უფრო იდგა და დადგება იზოლაციის შემდეგაც. მომხმარებლებს ურჩევნიათ რეალურ მაღაზიაში მოკლე დროში რამდენჯერმე მოიზომონ და მოირგონ ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი, ვიდრე ინტერნეტით გამოცვლის, თანხის დაბრუნებისა და ხელახლა გამოწერის ხანგრძლივ პროცედურას დაელოდონ.

Bloomberg-ის ანალიტიკოსები ტანსაცმლის ინტერნეტ-მაღაზიებს პორტალ Stitch Fix-ის მაგალითის გაზიარებისკენ მოუწოდებენ, რომელიც მომხმარებელს შერჩეული სტილის მიხედვით, ტანსაცმლის სხვადასხვა ნიმუშს უგზავნის. კლიენტი მხოლოდ მას შემდეგ იხდის თანხას, როცა სასურველ ზომას დაიტოვებს და თანხის დაბრუნების პროცესისგანაც თავისუფლდება.

ფიზიკური მაღაზიების გახსნის შემდეგ აქციების ვარდნის თავიდან აცილების მიზნით, ინტერნეტ-მაღაზიები კლიენტებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას ხვეწენ. მაგალითად, ტანსაცმლის ბრიტანული ინტერნეტ- მაღაზია Matchesfashion ნივთთან ერთად კლიენტს შემფუთველისგან წერილსაც უგზავნის, ხოლო მაღაზია Burberry Group ე.წ. ჰიბრიდულ მოდელს ირჩევს: ის თავის მუდმივ კლიენტებს ექსკლუზიურ სოციალურ სექტორებს სთავაზობს.

ზოგი ონლაინ-კომპანია საკმაოდ კრეატიული გზით ფიზიკურ სივრცესაც იყენებს. მაგალითად, Matchesfashion-ს ცენტრალური ლონდონის ხალხმრავალ რაიონ მეიფერში გახსნილი აქვს სახლი, რომელსაც VIP-მომხმარებლების უსწრაფესად მომსახურებისთვის და სპეციალური ღონისძიებებისთვის იყენებს.

გლობალური მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმის Bain & Company-ის მონაცემებით, 2025 წლისთვის ტანსაცმლისა და პირადი ფუფუნების საგნების ბაზრის 30% ელექტრონული იქნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ