საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 25 მარტიდან, როგორც მედიცინის მუშაკებს, ასევე, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის გააკეთონ.
როგორც თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ექიმების“ ნაწილის „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანას ელოდება.
„ჩვენი მონაცემი, რაც გვაქვს „ასტრაზენეკასთან“ და „ფაიზერთან“ მიმართებაში, ეფექტურობა არის საკმაოდ მაღალი. ობიექტური საფუძველი, რომ რომელიმე ჯგუფთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია და მიზნობრივი გამოყენების რჩევა მოსახლეობას მივცეთ, ამის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ არის გარკვეული წინასწარგანწყობა. თავიდანვე, როდესაც „ფაიზერზე“ დაიწყო საუბარი, ის გვქონდა გათავილისწინებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის და ექიმების გარკვეული ნაწილი განწყობილია იმისთვის, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთოს. ამდენად, შესაძლებელია და ვუშვებთ იმასაც, რომ „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში „ფაიზერს“ მიანიჭეს უპირატესობა და ამიტომ რაღაც ხანი ელოდებიან. „ფაიზერის“ ვაქცინის არჩევის საშუალება ექნება ყველას, ვინც პროგრამაში დარეგისტრიდება.
25 მარტიდან უკვე რეგისტრაციის საშუალება ექნებათ როგორც სამედიცინო სფეროს მუშაკებს, ასევე 65 წელს ზემოთ მოსახლეობას. როგორც კი „ფაიზერი“ შემოვა ქვეყანაში, მივიღებთ და გადავიტანთ საწყობებში, „ფაიზერი“ აისახება სისტემაში და რეგისტრაციის რიგის დაჯავშნის მომენტში მოქალაქეს ექნება არჩევანის საშუალება, რა თქმა უნდა, გარკვეული ლიმიტაციის ფარგლებში, სანამ არ ამოიწურება „ფაიზერის“ დოზები. ამ არჩევანის საშუალება იქნება. ჩვენთვის ვაქცინა არის ვაქცინა, ორივე ავტორიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და აქვს საკმაოდ კარგი ხარისხის გარანტიები. არჩევანი აქ ალბათ უფრო სუბიექტურ მოლოდინებზე იქნება დამყარებული, ვიდრე რაიმე მყარ კონკრეტულ მეცნიერულ საფუძვლებზე, რა შემთხვევაში რა არის უპირატესი“, - განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მესამე კვარტილიდან შესაძლებელია ქვეყანაში „ჯონსონ&ჯონსონის“ ვაქცინაც ხელმიასაწვდომი გახდეს.
„დღეს საკმაოდ იმედისმომცემი პროგნოზები კეთდება ბაზარზე ახალი ვაქცინების შემოსვლასთან დაკავშირებით - „ნოვავაქსს“ კარგი პოზიცია აქვს, ასევე „ „ჯონსონი& ჯონსონიც“ უკვე კოვაქცისის პლატფორმაზეც გაჩნდა. გუშინ მივიღეთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და შესაძლებელია მესამე კვარტილიდან ხელმისაწვდომი გახდეს „ჯონსონი& ჯონსონიც“ კოვაქცის პლატფორმით. ასევე, პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს მწარმოებლებთან, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გვქონდეს რეალური შანსი ამ მიზნების მიღწევის წლის ბოლომდე, მაგრამ მოწოდებასთან ერთად მიმღებლობაც უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა გაბუნიამ.