The Economist - ოცნება გადაიდო

"ოცნება გადაიდო", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა The Economist სარედაქციო სტატიას საქართველოს შესახებ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო ფლანგავს ლიბერალური რეფორმების მიღწევებს. სტატიის თანახმად, რუსეთის არაღიარებული ომი უკრაინაში ყირიმის ანექსიით არ დაწყებულა და პრეცედენტს ადგილი ჰქონდა ექვსი წლის წინ, რუსეთსა და საქართველოს შორის ხუთდღიანი ომის დროს, რომლის შედეგად რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპირება მოახდინა.

"დასავლეთის ლიდერებს რუსეთის ღია დადანაშაულება არ სურდათ და მომხდარი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უგუნურებას დააბრალეს. რუსეთის პრეზიდენტმა კი ყირიმზე ლაპარაკი დაიწყო", - ნათქვამია სტატიაში. როგორც The Economist-ის სტატიაშია ნათქვამი, ერთი შეხედვით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შემდეგ ბევრად გაუმჯობესდა - აღდგა ფრენები, გაუქმდა ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყალსა და ხილზე დაწესებული აკრძალვა. "თუმცა, საქართველო შესაძლოა ახლა უფრო დაუცველია, ვიდრე ოდესმე. თუ უკრაინა რუსეთის ზეწოლისა და საკუთარი შეცდომების გამო ინგრევა, შესაძლოა, მომდევნო სამიზნე საქართველო აღმოჩნდეს", - ნათქვამია ბრიტანული გამოცემის სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები კვლავაც აშკარა პრობლემად რჩება ბატონი პუტინის მცდელობისთვის, შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები და პოსტსაბჭოთა ტერიტორიებზე ნატო-ს ყოფნა არ დაუშვას. გასულ კვირას რუსეთ-აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც რუსეთის ვალდებულების გამო არ ჩაერთო ევროკავშირის სანქციებში და უკრაინის შეიარაღების წინააღმდეგია, ეს სილის გაწნა იყო.

"ბატონი პუტინი საქართველოს განიხილავს არა როგორც დამოუკიდებელ ქვეყანად, არამედ ბანქოდ რუსეთსა და დასავლეთს შორის უდიდეს თამაშში. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ჩარევა ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული, უფრო სავარაუდოა, რომ კრემლი საქართველოს პოლიტიკური სისუსტით ისარგებლებს, როგორც უკრაინასთან მიმართებაში მოიქცა. თუ რუსეთი ვერ შეძლებს საქართველოს საკუთარი გავლენის ქვეშ შეტყუებას, მაშინ მოსკოვი შეეცდება ისე მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია, რათა ეს დასავლეთისთვის რაც შეიძლება უსიამოვნო იყოს. საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ამ ამოცანის რეალიზებას აადვილებს", - წერს ბრიტანული გამოცემა.