საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ორ დაინტერესებულ პირს, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ, დაუმზადა და გადასცა ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით, წინასწარ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შეუვსებელი თაბახის ფურცლები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა თეონა დევდარიანმა.