„აქციზის შემცირების შემთხვევაში, საწვავი მყისიერად 20 თეთრით გაიაფდება“

ბოლო რამდენიმე თვეა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები იზრდება.

აღნიშნულ პერიოდში ფასი დაახლოებით, 1 ლიტრზე 60-65 თეთრით არის გაზრდილი.

ფასის ზრდის მიზეზად ძირითად სახელდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მატება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით. საქართველოს ბაზარზე საწვავის გაძვირების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება ლარი-დოლარის კურსი.

საქართველოში საწვავზე ფასის მატების საკითხს ეკონომიკის მინისტრიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბენზინზე ფასის ზრდა ბაზარზე პირდაპირ არ აისახოს“. ამის ერთ-ერთ გზად კი სექტორის წარმომადგენლები თუ ექსპერტები, ხელისუფლებას/საზოგადოებას, აქციზის შემცირებას სთავაზობენ.

როგორც „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ზაალ იაკობიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, აქციზის შემცირების შემთხვევაში, უხეში დათვლებით, საწვავი ლიტრზე მყისიერად 20 თეთრით შემცირდება. მისივე თქმით, ნავთობპროდუქტების რამდენიმე თვიანი გაძვირების შემდეგ, უკვე ბოლო რამდენიმე დღეა ფასის კლება შეინიშნება საერთაშორისო ბაზარზე. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში კი ეს საწვავის ფასის შემცირებასაც გამოიწვევს.

„ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასებთან მიმართებით მუდმივი მატება შეიმჩნეოდა. მაგრამ რამდენიმე დღეა, დაახლოებით 50 დოლარით შემცირდა ბენზინის ფასი. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით ერთ ნიშნულზე დგას. ზუსტი პორგნოზირება რთული და შეუძლებელია, თუმცა, თუ ამ 2 ფაქტორის გაუარესება არ მოხდა - საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასი შესაძლოა შემცირდეს.

რაც შეეხება, აქციზის გადასახადის შემცირებას, არსებული გადასახადი ტონაზე ბენზინს - 500; ხოლო დიზელს - 400 ლარით აძვირებს, ლიტრებში თუ გადავიყვანთ, გამოდის 40-50 თეთრი. ამას ემატება კიდევ დღგ-ც. თუ აქციზი განახევრდება ლიტრზე დაახლოებით, 20 თეთრიანი შემცირება გვაქვს. შესაბამისად, უხეში დათვლებით, გამოვა რომ საწვავი მყისიერად 20 თეთრით შემცირდება,“-აღნიშნა იაკობიძემ.

თაია არდოტელი