ავტომობილების ფასი საშუალოდ 5%-ით შემცირდა

ავტომობილებით ვაჭრობის ბრუნვამ 2019 წელს 2.7 მლრდ ლარი (ფორმალური სექტორი) შეადგინა, არაფორმალური სექტორის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი 3.9 მლრდ ლარამდე იზრდება.

ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ მიერ საქართველოში ავტომობილების ბიზნესის შესახებ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მეორადი ავტომობილებით ვაჭრობას ავტომობილების ვაჭრობის ფორმალური სექტორის 38%, ხოლო არაფორმალური სექტორის გათვალისწინებით, ჯამური ბრუნვის 58% უკავია.

მათივე ცნობით, 2020 წელს ავტომობილების შიდა გადაყიდვები წლიურად 18%-ით 226 ათას მანქანამდე შემცირდა.

„ყველაზე მკვეთრი შემცირება მე-2 (-47.9% წ/წ) და მე-4 კვარტლებში (-21.0% წ/წ) დაფიქსირდა, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ავტომობილების გადაყიდვები მკვეთრად შემცირდა (-18% წ/წ), ავტომობილებზე საშუალო ფასებმა მხოლოდ 5%- ით დაიკლო, ზოგიერთ ბრენდზე კი ფასები პირიქით, გაიზარდა. ავტო-დილერების განმარტებით, მეორადი ავტომობილების ფასები გაიზარდა ონლაინ ავტო-აუქციონებზე, რაც ბაზარზე პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს უკავშირდება,“-ვკითხულობთ ანგარიშში.

თაია არდოტელი