„კორუფციასთან ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისო - მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, რომ ეს არის კატეგორიული მოთხოვნა"

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

თბილისის მერის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით პრინციპული და უკომპრომისო პოზიცია აქვს.

„რა თქმა უნდა, ეს შედეგი სამწუხაროა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში. ეს ასე იყო ყოველთვის და მომავალშიც ასე იქნება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ იყოთ ძალიან ყურადღებით. ყველამ იმოქმედოს კანონის ფარგლებში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.