ბოლო დროის განმავლობაში, ვხედავთ, რომ შემთხვევების რაოდენობის მცირედი ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც მოულოდნელი არ იყო. ყველამ ვიცით, როგორ კავშირშია მობილობასთან ეპიდემიის ზრდის მაჩვენებელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ჩვენთვის მთავარი დაცვის საშუალებად პირბადე და პირადი ჰიგიენის დაცვა რჩება.
„მოულოდნელი არ არის, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ბრიტანული შტამის 50-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა და ამ მიმართულებით მუშაობა მიდის. ბოლო დროის განმავლობაში, ვხედავთ, რომ შემთხვევების რაოდენობის მცირედი ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც მოულოდნელი არ იყო, ყველამ ვიცით, როგორ კავშირშია მობილობასთან ეპიდემიის ზრდის მაჩვენებელი. გამოსავალი ისევ რჩება პირადი დაცვის მაჩვენებელი, რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, პირბადე დღეს ჩვენთვის მთავარი დაცვის საშუალებაა, ვაქცინა დაგვეხმარება, თუმცა დაგვეხმარება მოგვიანებით. დღევანდელ პირობებში მთავარია წესები დავიცვათ და შენარჩუნდეს მაქსიმალური უსაფრთხოება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, თუ სიტუაციის სერიოზული ესკალაცია მოხდება, წერტილოვან შეზღუდვებზე და რეგულაციების გამკაცრებაზეც შესაძლებელია საუბარი.
„თუ რეალურად მივიღეთ სერიოზული ესკალაცია, წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციის გამკაცრება ამის კონტროლის გზაა. ეს ჩვენთვის გავლილია და ამ მეთოდებზეც შეიძლება საუბარი. გამორიცხული არ არის, რომ თუ რომელიმე რეგიონში გამოიკვეთება სწრაფი ესკალაციის ნიშნები, იმ რეგიონში მოხდეს უფრო ადრე ის შეზღუდვები, რასაც ასეთ სიტუაციაში ვიყენებთ ხოლმე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.