„ვხედავთ კიდევ ერთი ტალღის მოახლოებას და მიგვაჩნია, რომ საჭიროა დროულად გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ის, რაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში ვიხილეთ, არ განმეორდეს"-, ამის შესახებ საერთაშორისო ფონდის "კურაციოს" განცხადებაშია აღნიშნული.
"კურაციოს" მკვლევართა ჯგუფის შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში საქართველოში ეპიდემიის მზარდი ტემპი აღინიშნებოდა და დღიურად დადასტურებული ახალი შემთხვევების რაოდენობა 5,450-მდე ავიდა 5 დეკემბერს, რამაც ჰოსპიტალური სექტორის მნიშვნელოვანი გადატვირთვა გამოიწვია.
"საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ 28 ნოემბერს მიიღო მობილობის შემცირებისკენ მიმართული მკაცრი ზომები და მთელი რიგი შეზღუდვები შემოიღო, რამაც ეპიდემიის გავრცელების ტემპი შეამცირა და ჯანდაცვის სექტორზე დატვირთვა შეამსუბუქა, თუმცა მეორეს მხრივ ქვეყნის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა და იანვრის თვეში ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა“,- ნათქვამია განცხადებაში.
მკვლევართა აზრით, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ანალოგიური ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური სურათი, დღეს რამდენიმე ფაქტმა უნდა დააფიქროს როგორც საზოგადოება, ისე მთავრობა. კერძოდ:
„ერთობლიობაში აღებული ეს მაჩვენებელები გვაფიქრებინებს, რომ დიდი ალბათობით ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას და სჯობს დროულად გავატაროთ საჭირო ღონისძიებები, ვიდრე დღიურად დადასტურებული შემთხვევები 500-ის ირგვლივაა და არა 5000-ის.
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია არ გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც 2020 წლის შემოდგომაზე არჩევნების გამო დავუშვით როგორც მთავრობამ და პოლიტიკურმა ესტებლიშმენტმა, ასევე საზოგადოებამ. გადაუდებლად გვჭირდება სწორი და მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, სულ მცირე საჭიროა ყველას შევახსენოთ, რომ ყველამ და ყველგან საჯარო სივრცეში პირბადე ვატაროთ. ფაქტია რომ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და ამ მოთხოვნის აღსრულება უკვე ბოლო თვეებია მოიკოჭლებს. ამიტომ იქნებ მედია საშუალებებმა ატეხონ განგაში, სანამ სახელმწიფო სააღსრულებო სისტემა ძალას მოიკრებს. ნუთუ ვერ შევძლებთ რომ ერთი ნორმალური სარეკლამო რგოლი ყველა არხზე და ყველა სარეკლამო ჭრაში დავატრიალოთ, რომ საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ და რაც მთავარია, ქცევა შევაცვლევინოთ?
გარდა ამისა, აუცილებელი იქნება ჯანდაცვის სექტორის მზაობა როგორც ჰოსპიტალური, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე. სავალალოა, რომ ამ მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად და ჯანდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი ლიმიტირებული ვაქცინების ფონზე, დაბალია სამედიცინო პერსონალში აცრების დონე. ალბათ თითოეული დაწესებულების ხელმძღვანელმა მაგალითი უნდა მისცეს თანამშრომლებს და დროულად აცრას, რათა დაიცვას როგორც ფრონტის წინა ხაზის მებრძოლები, ასევე და უმთავრესი მათ დაწესებულებაში მოხვედრილი არა COVID19 პაციენტები.
ალბათ, ისევ ცხოვრება გვიჩვენებს, რომ მხოლოდ სახელმწიფოს იმედად ყოფნა საკმარისი ვერ იქნება და ბოლო თვეებში ვერც ზეპარტიული ერთობის მაგალითები ვიხილეთ. იქნებ დროა, რაღაც პრობლემებს ჩვენ თავად მივხედოთ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, როგორც პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ, ვთვლით, რომ ცნობილი დაწესებულებების მესვეურებს ხელეწიფებათ არა მარტო საკუთარ გუნდს უჩვენონ მაგალითი, არამედ ბევრ სხვასაც.
ალბათ, მთავრობაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება კარს მომდგარ საფრთხეს და დროულად გადადგამს იმ საჭირო ნაბიჯებს რაც შემდგომი აფეთქებისგან დაგვიცავს, თუ რა თქმა უნდა, არ ჩათვლის, რომ ჩვენი წუხილი ნაადრევია და ამ ეტაპზე საშიში არაფერია“,- აღნიშნულია საერთაშორისო ფონდის "კურაციოს" განცხადებაში.