საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტებს, რომლებზეც ვენეციის კომისიის დასკვნა დაიდო, პარლამენტი არ გაიწვევს, არამედ გაგრძელდება მათზე მუშაობა. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ორივე პროექტი შეიცვლება იმგვარად, რომ ვენეციის რეკომენდაციები მათში აისახოს.
მისი თქმით, არც ერთ პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას ლეგიტიმურობის და სამართლებრივი თვალსაზრისით კითხვები არ ჰქონია და მათი შენიშივნა იყო, რომ არ მომხდარიყო კანონის მორგება დღეს არსებულ ვითარებაზე. პაპუაშვილის თქმით, პროექტთან დაკავშირებით, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას ეხება, ვენეციის კომისიას ჰქონდა რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო პირველივე ჯერზე არა პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა, არამედ მაგალითად, ფინანსური სანქციის დაკისრება პარტიისთვის.
„ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ თქვა, რომ სამართლებრივი კუთხით და ასეთი რეგულაციის ლეგიტიმურობის კუთხით არ არის კითხვის ნიშანი. მათ ჰქონდათ წუხილი და ზეპირი მოსმენის დროსაც თქვეს ამასთან დაკავშირებით, რომ გამომდინარე არსებული სიტუაციიდან, რაც პოლიტიკური კუთხით გვაქვს საქართველოში, როცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში არ შემოდის, არ მოხდეს ინსტრუმენტალიზება კანონის და დღევანდელ სიტუაციაზე მორგება და გამოყენება ამ პარტიების წინააღმდეგ, ეს იყო შენიშვნა და მეორე შენიშვნა იყო, ხომ არ არის ზედმეტად მკაცრი პირველივე შემთხვევაში პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გავეცანით და ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარე გავაგრძელებთ ამ პროექტზე მუშაობას.
არის შესაძლებლობა, რომ ეს იყოს ეტაპობრივი, ჯერ იყოს ვთქვათ ჯარიმა და ა.შ. დასკვნაშიც არის მითითებული, რომ შესაძლებელია იყოს უფრო მკაცრი სანქცია ორგანიზაციის ან პარტიის წინააღმდეგ, მაგალითად, ფინანსური სანქციები უფრო გამკაცრდეს, ასე რომ, ამ პროექტზე მუშაობას გავაგრძელებთ და გავითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს,"- აცხადებს პაპუაშვილი.
რაც შეეხება პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ვენეციის კომისია სამართლებრივ პრობლემაზე არც ამ შემთხვევაში საუბრობს.
„ამ პროექტზე ისეთივე მიდგომაა დაახლოებით ვენეციის კომისიაში, ისინი სამართლებრივად ასეთი რეგულაციის ლეგიტიმურობის კუთხით ვერ ხედავენ, მათ შორის, ზეპირი მოსმენის დროს ახსენეს, რომ მსგავსი რეგულაცია არის გაერთიანებულ სამეფოში, იმ შემთხვევაში თუკი პარტია, რომელმაც არჩევნებში მიიღო მხარდაჭერა, ფიცს არ დებს დედოფლის წინაშე და ამით არ აღიარებს დედოფლის იურისდიქციას. თუმცა, ვენეციის კომისიამ ამ პროექტზეც გამოთქვა იგივე წუხილი, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არ იყოს მორგებული და არ იყოს აღქმული ასე, რომ თითქოს მორგებულია. კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, ერთ საკითხზეა საუბარი, როცა რეგულაცია ითვალისწინებს დეპუტატისთვის ხელფასის სრულად შეწყვეტას, აქ ჩვენც პრობლემას ვერ ვხედავთ, ამასთან დაკავშირებით ისედაც საკმარისი რეგულაციებია და შეიძლება აქ ზედმეტი რეგულაცია არც იყოს საჭირო. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, დასკვნაში ამოიკითხავთ რეკომენდაციებს, რომ მაგალითად შეიძლება იყოს გარკვეული პროპორცია იმის მიხედვით, რამდენად იყენებს მანდატს, სრულად იყენებს თუ მხოლოდ ნაწილობრივ, აქაც გვექნება იგივე მიდგომა, ჩვენ გავაგრძელებთ პროექტზე მუშაობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან. როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, არაპროპორციულად აღიქმება საპარლამენტო რეგლამენტის შესწორების საკითხიც, რომელიც იმავე შემთხვევაში დეპუტატის ანაზღაურების დაქვითვას ითვალისწინებს.
ამასთან, ვენეციის კომისია ლიდერის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო, პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას „არაპროპორციულ ზომად“ მიიჩნევს და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, კანონპროექტის მიღების საკითხს გადახედოს.