CNN-ის ცნობით, ღვინის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Murphy-Goode Winery-მ კალიფორნიის შტატის ქალაქ სონომეს ჯგუფში ერთი წლით დასაქმებაზე ვაკანსია გამოაცხადა.
იღბლიანი კანდიდატი სონომეში საცხოვრებელ ქირას არ გადაიხდის და ამ ხარჯს მთლიანად Murphy-Goode Winery აანაზღაურებს, ხოლო დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი 10 000 დოლარი იქნება. კომპანიის განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში სამუშაო მოვალეობა განზრახ იქნება გაზრდილი, რაც ახალ თანამშრომელს დაეხმარება იმის გარკვევაში, თუ მეღვინეობის რომელი ასპექტია მისთვის საინტერესო. შერჩეულ კანდიდატს Murphy-Goode Winery-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვაჟი დეივ რიდი-უმცროსი გაუწევს მენტორობას. დამსაქმებელი კომპანია ვალდებულებას იღებს, გააღრმავოს თავისი ახალი თანამშრომლის ცოდნა მევენახეობა-მეღვინეობისა და ელექტრონული კომერციის სფეროში.
ამ პოზოციაზე ვაკანსიის განცხადება Murphy-Goode-მა პირველად 2009 წელს გაავრცელა და ის სოციალურ ქსელში სამუშაოს დოკუმენტირებას ეხებოდა. წელს კომპანიამ ამ პოზიციის აღდგენა გადაწყვიტა, რადგან როგორც პრესრელიზში წერია, „ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დგას“.
ვაკანტურ ადგილზე განაცხადი აშშ-ში მუშაობის უფლების მქონე 21 წლის ან მეტი ასაკის პირმა უნდა წარმოადგინოს და თან უნდა დაურთოს ვიდეო-რეზიუმე, თუ რატომ მიიჩნევს კანდიდატი, რომ ეს მისი „ოცნების სამუშაოა“. განაცხადების წარდგენის ვადა 30 ივნისს იწურება, შერჩეული კანდიდატი კი მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს.
ამერიკული კომპანია Murphy-Goode Winery 1985 წელს სამმა მეგობარმა, ტიმ მერფიმ, დეილ გუდმა და დეივ რიდიმ დააარსა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ