სუეცის არხში მეჩეჩზე გიგანტური კონტეინერმზიდი გაიჭედა, რამაც მსოფლიოში ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტის გადაკეტვა გამოიწვია. ამის კვალად, ნავთობზე ფასი ერთბაშად 2%-ზე მეტით გაიზარდა.
იმავდროულად, საწვავის ნედლეულის ფასის ზრდას ის გარემოება ანელებს, რომ პანდემიის მესამე ტალღის შეკავების ძირითად საშუალებად, ევროპის ქვეყნები ისევ ლოკდაუნს მიმართავენ.
სუეცის არხში გაჭედილი 400 მეტრი სიგრძის გემის გამოსაყვანად, 8 საბუქსირე გემი მუშაობს. სანამ გზა გაიხსნება, სუეცის არხის მისადგომებთან ბევრი დიდი ზომის სატვირთო გემი დაგროვდა, რაც სატრანსპორტო კოლაფსის საშიშროებას ქმნის.
ბრენტის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 2.9 პროცენტით, 62.54 დოლარამდე გაიზარდა. შექმნილი ფორს მაჟორის წყალობით, ფასმა წინა დღით დაკარგული 5.9 პროცენტის ნაწილი აინაზღაურა. თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გზის გახსნის შემდეგ, ფასზე ზეწოლა კვლავ გაძლიერდება. დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი 2.8 პროცენტით, 59.35 დოლარამდე გაიზარდა. წინა დღეს ფასის კლებამ 6.2 პროცენტს მიაღწია.
„მიწოდების პროცესის წყვეტის საშიშროება, ფასების ზრდას იწვევს. თუმცა შექმნილი სიტუაცია დროებითია და ხანგრძლივი ზემოქმედება არ ექნება“, - ამბობს საბროკერო კომპანია „ოანდას“ ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი ჯეფრი ჰეილი.
შარშან ისტორიულ მინიმუმამდე კლების შემდეგ, OPEC-ის მიერ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის გამო, ნავთობის ფასმა ზრდა დაიწყო. თუმცა ზრდას აფერხებს ის გარემოება, რომ პანდემიის გამო, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. ეს კი ბიზნეს აქტივობას აფერხებს და ნავთობზე მოთხოვნის კლებას იწვევს.
ვაქცინაციის დაწყებამ, ეკონომიკების სწრაფი გაჯანსაღების იმედი გააჩინა, რასაც შესაბამისად, ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვა. მაგრამ პანდემიის მესამე ტალღის დაწყების გამო, ევროპის ქვეყნების უმეტესობა ისევ ჩაკეტვას იწყებს. ეს კი ნავთობზე მოთხოვნის და შესაბამისად, ფასის კლებასაც იწვევს. ამ გარემოების გამო, სამშაბათს ნავთობის ფასი, თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
გერმანიამ, რომელიც ევროპაში ძლიერი ეკონომიკა და ნავთობის უდიდესი მომხმარებელია, 18 აპრილს ახალი ლოკდაუნი დაიწყო. ტრანსპორტით გადაადგილება უკვე შეზღუდეს იტალიამ და საფრანგეთმა, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებმა.
ნავთობის ფასზე ზეწოლას ის გარემოებაც აძლიერებს, რომ შეერთებული შტატების ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემებით, ქვეყანაში არსებული მარაგები, წინა კვირაში 2.9 მილიონი ბარელით გაიზარდა.
OPEC (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) და მისი მოკავშირე ქვეყნები 1 აპრილს შეიკრიბებიან და მსოფლიო ბაზარზე მიწოდბის შეკვეცის მოცულობის შესახებ იმსჯელებენ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ნავთობის ფასზე დაღმავალი ტრენდს დაწყების გამო, შეზღუდვის მოცულობის შემცირება მოსალოდნელი არაა.