Intel-ი აშშ-ში 2 საწარმოს მშენებლობაში 20 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს

ამერიკული კომპანია Intel Corp აშშ-ში 2 საწარმოს მშენებლობაში 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. საუბარია მიკროჩიპების ქარხნების მშენებლობაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მსოფლიოში ამ პროდუქციაზე შექმნილი დეფიციტის აღმოფხვრას - წერს The Wall Street Journal-ი.

„საუბარია კომპანიის არიზონაში მოქმედი საწარმოების მიმდებარედ ორი ახალი საწარმოს მშენებლობაზე. წლის განმავლობაში ჩვენ ასევე წარმოვადგენთ შტატებსა და ევროპაში ბიზნესის გაფართოვების ახალ გეგმას “ - განაცხადა Intel-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა პეტ გელსინგერმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში Intel-მა დაკარგა საბაზრო წილი, მისი აქციების ფასი კი კონკურენციის გამო კლებაშია. ამას ხელს უწყობს ჩიპებზე მოთხოვნის ფონზე მიწოდების შეფერხება და ასევე ახალი თაობის მიკროჩიპების წარმოების დაგვიანება - წერს WSJ.

გელსინგერმა სამშაბათს განაცხადა, რომ კომპანია დაიწყებს სხვა მწარმოებლებთან თანამშრომლობას და მალე შეუდგება მოწინავე პროცესორების წარმოებასაც. აუთსორსინგის ახალი გეგმის თანახმად, ამ სფეროს სხვა მწარმოებლები მათ შორის, Taiwan Semiconductor Manufacturing Co. და Samsung Electronics Co., შექმნიან Intel-ისთვის მიკროსქემის საკვანძო კომპონენტებს. კომპანიის თავკაცმა ისიც განაცხადა, რომ Intel არ გამორიცხვას ასევე პროცესორების ცენტრალური კომპონენტებიც შეიძინოს სხვა მწარმოებლებისგან. ამასთან, მან გარკვევით თქვა, რომ კომპანია უარს არ იტყვის ახალი ტექნოლოგიების შემქმნელის როლზე და ჩიპების უმეტესობასაც თავად აწარმოებს. კომპანია ამავდროულად დაიწყებს ჩიპების წარმოებას სხვა კომპანიებისთვისაც და ფოკუსირებას მოახდენს ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობაზე, როგორებიცაა Apple Inc. და კონკურენტ ჩიპ-მეიკერი Qualcomm Inc.

ამავდროულად, კომპანია აპირებს გააერთიანოს ევროპისა და ამერიკის ჩიპების საწარმოები ერთი ხელმძღვანელობის ქვეშ. მას სათავეში ჩაუდგება რანდირ ტაკური.

როგორც გამოცემა წერს, გაყიდვების მხრივ უმსხვილესი ამერიკული ჩიპ-მეიკერი კომპანიის მიმართ ინვესტორების ინტერესი შენელებულია რამდენიმე წარუმატებლობის გამო. Intel-მა პოზიციები დათმო ცალკეულ ამერიკულ ჩიპ-მეიკერ კომპანიებთან. ამასთან, Apple-მა უარი თქვა Intel-ის ცალკეული ჩიპების გამოყენებაზე Mac კომპიუტერებისთვის.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გრაფიკული პროცესორების მწარმოებელმა კომპანიამ Nvidia Corp. აჯობა Intel-ს და გახდა ამერიკის უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე ჩიპ-მეიკერი კომპანია. 2020 წელს Nvidia-ს აქციები თითქმის ორმაგად გაძვირდა ნოუთბუქებისა და ვიდეოთამაშების გაყიდვების ზრდის ფონზე. Intel-ის აქციები კი 2020 წელს 17%-ით გაუფასურდა. თუმცა იანვარში 20%-ით გაძვირდა მას შემდეგ, რაც კომპანიის სათავეში მოვიდა ახალი დირექტორი.

Intel-ის სირთულეები გამოწვეული იყო 7-ნანომეტრული პროცესორის პროექტირებით. გესლინგერმა აღნიშნა, რომ ამ ჩიპზე მუშაობა ახლა წარმატებით ხორციელდება, მას შემდეგ, რაც კომპანიამ მოახდინა წარმოების პროცესის მოდიფიცირება. Intel აპირებს წლის ბოლომდე პროექტირების ბოლო ფაზა დაიწყოს. ეს ჩიპები გაყიდვაში 2023 წლიდან უნდა ჩაეშვას.

Intel-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გააფორმა კონტრაქტი კვლევების მიმართულებით თანამშრომლობაზე კომპანიასთან International Business Machines - IBM Corp.

ცნობისთვის, კომპანია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 17,5 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდება. ამ დამაიმედებელი ინფორმაციების ფონზე, დღეს კომპანიის აქციები 5,6%-ით გაძვირდა.

კოკა კვირკველია