ნორვეგიამ „როლს როისის“ ქარხნის რუსებისთვის მიყიდვა აკრძალა

ნორვეგიამ „როლს როისის“ ქარხნის რუსებისთვის მიყიდვა აკრძალა. მიზეზი ერთია - ნორვეგიას მიაჩნია, რომ „როლს როისის“ ბერგენის ქარხნის რუსეთისთვის მიყიდვას, ამ ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაზრდა შეუძლია. ბერგენის დიზელის და გაზ-დგუშიანი ძრავების მწარმოებელი ქარხნის შეძენა რუსულ „ტრანსმაშჰოლდინგს“ სურს.

„ჩვენ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც ვასკვნით, რომ აუცილებელია აღიკვეთოს კომპანიის იმ ჯგუფისთვის მიყიდვა, რომელიც იმ ქვეყნის მიერ კონტროლდება, ვისთანაც უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არ გვაქვს“, - ამბობს ნორვეგიის იუსტიციის მინისტრი მონიკა მულანდი.

ნორვეგიის მთავრობის განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ „ბერგენ ენჯაინსის“ ხელთ არსებული ტექნოლოგიები და ის ძრავები, რომლებსაც მის ქარხანაში აწარმოებენ, რუსეთისთვის შესაძლოა, მნიშვნელოვან სამხედრო-სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენდეს და რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაზრდა შეუძლია.

„ბერგენ ენჯაინსი“ 1946 წელს დაარსდა. მას შემდეგ, 7 ათასზე მეტი დიდი ზომის ძრავი აქვს გამოშვებული, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ახლაც მწყობრშია. ქარხანაში დაახლოებით 900 ადამიანია დასაქმებული. „ბერგენ ენჯაინსის“ მფლობელობაში შედის ლითონგადასამუშავებელი და ამწყობი ქარხნები, მაღალი სიზუსტის ჩამოსხმის საწარმო, სარემონტო ქარხანა და საკონსტრუქტორო ოფისი. კომპანიას ასევე 7 ქვეყანაში მომსახურების ცენტრები აქვს.

„ტრანსმაშჰოლდინგმა“ ნორვეგიული კომპანიის შესყიდვის სურვილი ოფიციალურად 4 თებერვალს გამოაქვეყნა. რუსული კომპანია ირწმუნება, რომ ნორვეგიული ტექნოლოგიების ენერგეტიკის სფეროში და გემთმშენებლობაში გამოყენებას აპირებს. „ტრანსმაშჰოლდინგი“ მზად იყო, „ბერგენ ენჯაინსში“ 150 მილიონი ევრო გადაეხადა.

ნორვეგიაში რუსეთის საელჩომ ამასთან დაკავშირებით, „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა და ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილება, ანტირუსული განწყობით ახსნა.

„ტრანსმაშჰოლდინგი“ რუსეთში სარკინიგზო ტრანსპორტის უდიდესი მწარმოებელია. სამრეწველო ჯგუფი ლოკომოტივებს, მეტროს და ტრამვაის ვაგონებს, ასევე შორსმავალ მატარებლებს აწარმოებს. რუსული ჯგუფის აქციების 20 პროცენტს ფრანგული „ალსტომ ჰოლდინგსი“ ფლობს. დანარჩენ 80 პროცენტს კი რუსული კომპანიები და მათი მფლობელი მილიარდერები აკონტროლებენ.