ჩინურმა ონლაინ-მაღაზიებმა H&M-ის პროდუქციის გაყიდვაზე უარი თქვეს

რამდენიმე ჩინურმა ინტერნეტ-მაღაზიამ საკუთარი გვერდებიდან შვედური ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია H&M-ის პროდუქცია წაშალა. ამის მიზეზი გახდა ადგილობრივ სოციალურ ქსელებში ამ ბრენდის მისამართით გაჩაღებული კრიტიკა, რომელიც გამოიწვია შვედური კომპანიის მხრიდან უარმა, შეისყიდოს სინცზიან-უიღურის ავტონომიურ პროვინციაში წარმოებული ბამბა, იქ ადამიანების უფლებების მასიური დარღვევების გამო.

როგორც მედია წერს, ინტერნეტ-ვაჭრობის პლატფორმებზე Tmall და Taobao ბრენდის პროდუქციაზე არის მინაწერი - „ვწუხვართ აღნიშნული პროდუქცია ვერ მოიძებნა“. კიდევ ერთი პლატფორმა JD.com კი ძიების მოთხოვნაში H&M-ის ოფიციალური დილერის სახელს აჩვენებს, თუმცა მათ გვერდზე გადასვლის დროს ფიქსირდებოდა ‘შეცდომა“ ან სთავაზობდა ჩინურ პროდუქციას.

სახელმწიფო სააგენტო სინხუამ კი ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, სადაც გააკრიტიკა შვედური ბრენდი. „ამ კონტექსტში ამ ბრენდმა სიცრუე ჩათვალა სიმართლედ, ყურად არ იღო ჩინელი ხალხის ინტერესი და ამავდროულად ცდილობს ფულიც იშოვოს აქ. არც ერთ ბრენდს ან კომპანიას მსგავსი ილუზია არ უნდა ჰქონდეს. თანამედროვე ჩინეთი ეს არ არის 120 წლის წინანდელი ჩინეთი! ფაქტების პატივისცემა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და ამავდროულად ყველაზე დაბალი სიმკაცრის თამასა! ჩვენ ვერ მივიღებთ ფაბრიკაციულ იარლიყებს“ - წერია სტატიაში, რომელსაც თან ახლავს ბრენდის ფოტო, სადაც H&M-ის თავზე იეროგლიფებია გამოსახული, რომელიც წარმოითქმის როგორც „ჰუან მიუ“ (ბრენდის პირველი ასოების მსგავსად. რაც ჩინურად ნიშნავს „აბსურდს“ „შეცდომას“.)

ინტერნეტ მომხმარებლების რეაქცია

აღსანიშნავია, რომ ამ პუბლიკაციის ქვეშ კომენტარებში და ასევე ჩინურ სოციალურ ქსელებში მომხმარებლები მასიურად მოუწოდებენ ერთმანეთს ბოიკოტი გამოუცხადონ ბრენდს. ჩინელმა მსახიობმა ჰუან სუანმა კი დაწერა, რომ დაუყოვნებლივ წყვეტს კონტრაქტს კომპანიასთან.

მანამდე კომპანიამ H&M განაცხადა, რომ ძალიან სწუხდა სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ სინცზიან-უიღურის პროვინციაში ადამიანების იძულებითი შრომის გამოყენება ხდებოდა ეთნიკურ-რელიგიური ნიშნით. როგორც დოკუმენტში წერია, კომპანია აკვირდება ხომ არ არღვევენ მისი მიმწოდებლები ადამიანის უფლებებს და დაარწმუნა კლიენტები, რომ არ გამოიყენებდა ამ პროვინციაში წარმოებულ ბამბას საკუთარ პროდუქციაში.

ცნობისთვის, ამავე მიზეზით ამ პროვინციიდან ბამბის მიღებაზე უარი თქვა აშშ-მა. აღსანიშნავია, რომ ბამბის მსოფლიო წარმოების 20% ჩინეთზე მოდის, რომელთა უმეტესობა ამ პროვინციაში იწარმოება.

კოკა კვირკველია