პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან და უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშირებული კანონპროექტები აუცილებლად იქცევა კანონებად - მათ პარლამენტი მიიღებს, რადგან აღნიშნული პროექტების ლეგიტიმური მიზანი ვენეციის კომისიის მხრიდან კითხვის ქვეშ არ დამდგარა, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.
როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნაში ვერსად ვნახავთ ფრაზას, რომ კანონპროექტები კანონად არ უნდა იქცეს. დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისიის შეთავაზებაა, კანონპროექტების გადამუშავება, რასაც მმართველი გუნდი გაითვალისწინებს.
"ამაზე ვთანხმდებით, რადგან პროექტები ვენეციის კომისიაში იმიტომ გაიგზავნა, რომ კომისიის პოზიციაზე გვემსჯელა და პროექტი დაგვეხვეწა. პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტის სულისკვეთება ვენეციის კომისიამ გაიზიარა. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ის ოპოზიციური თუ არაოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ხალხის წარმომადგენლობის განხორციელებაზე ამბობს უარს, არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულ დაფინანსებას იღებდეს. ვენეციის კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწუხს, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტის მანდატის ათვისებაზე ამბობენ უარს, ამით უარს დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობაზე ამბობენ და ირჩევენ გზას ქუჩისკენ. ვინაიდა, ვენეციის კომისიამ ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტის სულისკვეთება გაიზიარა და თქვა, რომ თუკი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი უარს ამბობს ხალხის წარმომადგენლიბის განხორციელებაზე, ლეგიტიმურია დაფინანსების კომპონენტში შეიზღუდოს, ჩვენ მივიღებთ კანონს, რაც შესაბამისი იქნება კონსტიტუციასთან და რომლითაც დაცული იქნება საერთაშორისო სტანდარტები. ვენეციის კომისია "პროპორციულობაზე" საუბრობს იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვას ეხება. კომისია ამბობს, არა იმას, რომ ასეთი ნორმის მიღება არ შეიძლება, არამედ წერს, რომ თუკი ასეთ ნორმას მივიღებთ, ის პროპორციული ღონისძიებებით უნდა იყოს გამოყენებული", - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.