რატომ ვიხდით სუპერმარკეტები ბიოდეგრადირებადი პარკების საფასურს?

2019 წლის 1-ლი აპრილიდან, რაც საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია სრულად აიკრძალა, მაღაზიებში გაჩნდა ბიოდეგრადირებადი პარკები, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, მომხმარებელი თანხას სალაროსთან იხდის.

საინტერესოა, რატომ უწევს მომხმარებელს ბიოდეგრადირებადი პარკების შეძენა?

როგორც ბიოდეგრადირებადი პარკების ადგილობრივი მწარმოებლები განმარტავენ, პლასტიკთან შედარებით, კომპოსტირებადი პროდუქტის წარმოება 2-3-ჯერ ძვირი ჯდება, რაც მის ღირებულებას ზრდის. გორის ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო „ეკო ჯორჯიაში“ განგვიმარტეს, რომ პოლიეთილენისა და ბიოდეგრადირებადი მასალის წარმოების საოპერაციო ხარჯები ერთი და იგივეა, უბრალოდ ბიოდეგრადირებადის მასალა - 30%-ით უფრო ძვირია. შესაბამისად, იზრდება მისი სარეალიზაციო ღირებულება.

„ბიოდეგრადირებადი პარკებისთვის თვეში 120 ტონა მასალას ვამზადებთ, ასევე ვაწარმოებთ თვითონ პარკებსაც. რეალურად, პოლიეთილენთან შედარებით ბიოდეგრადირებადი მასალები უფრო ძვირი ჯდება“,- აღნიშნეს საწარმოში.

მეორე მსხვილ საწარმოში, GVG PLAST-ში განმარტავენ, რომ ბიოდეგრადირებადი პარკების მასალების წარმომავლობა ნატურალურია - მაგალითად, სოიო, პალმა და სხვა და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც უჯდებათ პლასტიკის წარმოებასთან შედარებით 60%-ით უფრო ძვირი.

„პლასტიკთან შედარებით, მისი ფასი 3-ჯერ მეტი გამოდის. ბიოდეგრადირებადი პარკები მზადდება ბევრი კომპონენტისგან: სახამებელი, სოიო, პალმა, ბრინჯი და სხვა, ამიტომაც უფრო მაღალი ფასი აქვს“, - აღნიშნეს კომპანიაში.

bio2-1616652362.jpg

კომპანიაში AA PLAST, რომელიც მსხვილ ჰიპერმარკეტებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს ბიოდეგრადირებად პარკებს აწვდის, აღნიშნავენ, რომ პროდუქციის წარმოებისთვის მასალას გერმანიიდან იღებენ და პოლიეთილენთან შედარებით უფრო ხარჯიანი გამოდის.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში პლასტიკის გამოყენება დაშვებულია ქარხნულ შეფუთვაზე, თუმცა არა ასაწონ პროდუქციაზე. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი ასაწონ პროდუქციას მისი სიიაფის გამო ყიდულობს ან მოცულობით იმაზე ნაკლებს, ვიდრე ქარხნულ შეფუთვაშია, კანონის მიხედვით, შენაძენის ბიოდეგრადირებად პარკში მოთავსება უხდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიოდეგრადირებადი პარკების ღირებულება პლასტიკთან შედარებით უფრო მაღალია, ამიტომ რითეილერები მათ უფასოდ ვერ გასცემენ.

ქსელური სასურსათო სუპარმარკეტების გაერთიანებაში „რითეილ ასოციაცია“ განმარტავენ, რომ მაღაზიებში ბიოდეგრადირებადი პარკები თუნდაც თვითღირებულებით რომ გაიყიდოს, მომხმარებელს ასაწონ პროდუქციაზე ეკონომიის გაკეთების საშუალება აღარ მიეცემა.

„მომხმარებელი ასაწონ პროდუქციას მისი სიიაფის გამო იძენს, თუმცა ბიოდეგრადირებად პარკში თანხის გადახდის შემთხვევაში, ეკონომიას ვეღარ აკეთებს, რაც მის გაღიზიანებას იწვევს. შესაბამისად, რატომ არ შეიძლება რომ სასწორებთან გამოსაყენებელი პარკები თუნდაც დროებით, კოვიდ კრიზისის პერიოდში იყოს მიჩნეული როგორც შესაფუთი საშუალება?!“, - აღნიშნავენ „რითეილ ასოციაციაში“.

რატომ ვერ გადადიან სასურსათო ქსელური მარკეტები სრულად შეფუთულ პროდუქციაზე?

როგორც „რითეილ ასოციაციაში“ განმარტავენ, შეფუთულ პროდუქციაზე გადასვლა სუპერმარკეტებისთვის მარტივია და ამის მეშვეობით ხარჯებსაც დაზოგავდნენ, თუმცა მომხმარებლის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასაწონ პროდუქციის რეალიზაციაზე უარს ჯერჯერობით ვერ ამბობენ.

„სრულად შეფუთულ პროდუქციაზე გადასვლა ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების დაზოგვას: მაგალითად, ასაწონად ცალკე პერსონალის გამოყოფა საჭირო აღარ იქნება, ვინაიდან მომხმარებელი თავად აიღებს შეფუთულ პროდუქციას და პირდაპირ გაატარებს სალაროსთან. მიუხედავად ამისა, მხოლოდ შეფუთული პროდუქციის რეალიზაციაზე ვერ გადავდივართ, რადგან დღეს, საქართველოში მომხმარებელი მისთვის სასურველ, მცირე რაოდენობით ასაწონ პროდუქციას ყიდულობს და ეს ტენდენცია არ მცირდება. სამწუხაროდ, ბიოდეგრადირებად პარკებს ვერც უფასოდ ვთავაზობთ მომხმარებლებს, რადგან ამ შემთვევაში, სუპარმარკეტების ხარჯები მილიონობით ლარით გაიზრდება. რა თქმა უნდა, გარემოს დაცვასა და ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენებას მხარს ვუჭერთ, უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ მათი დანერგვა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ამ პროცესში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა უნდა გავითვალისწინოთ“, - განმარტავენ „რითეილ ასოციაციაში“.

მათივე თქმით, მაგალითად, თუ სალაროსთან შესაძლებელია, სუპერმარკეტებმა მომხმარებელს შესთავაზონ ბიოდეგრადირებადი პარკი, რომელიც ფასიანი იქნება და ამასთანავე, მას ჰქონდეს არჩევანი, შენაძენი მრავალჯერადი ჩანთით წაიღოს, ასაწონი სურსათის შემთხვევაში, საკითხი უფრო რთულად დგას.

„შესაბამისად, ალბათ უმჯობესია, ასაწონ პროდუქციაზე დაშვებული იქნას პლასტიკის პარკები და შესაფუთ მასალად ჩაითვალოს, როგორც ქარხნული შეფუთვის შემთხვევაში. პლასტიკის პარკებთან დაკავშირებით ევროდირექტივა საქართველოს კანონმდებლობაში იმაზე მკაცრად არის ასახული, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას აქვს, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო, აღსრულება ძალიან რთულდება. შესაბამისად, არსებული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს კანონის ეფექტურად ამოქმედება დათქმულ ვადებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ასაწონი პროდუქცია აღარ გაიყიდება და დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, სრულად შეფუთულ სურსათზე ან მრავალჯერად ჩანთებზე გადავალთ, რომელიც აღნიშნული სექციებისთვის გამოიყენება“, - განმარტავენ „რითეილ ასოციაციაში“.

წარმოებისა და სარეალიზაციო ხარჯების გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, გვიწევს, ბიოდეგრადირებადი პარკები შევიძინოთ ან არჩევანი მრავალჯერად ჩანთაზე გავაკეთოთ. აღსანიშნავია, რომ ბიოდეგრადირებადი პარკების ვადა საშუალოდ, 1 წელია.