„ტესლას“ შიდა კამერები პირადი ცხოვრების კონფიდენციალობას რისკს უქმნის

ამერიკულ გამოცემა „კონსამერ რეპორტსის“ მონაცემებით, შიდა კამერები, რომლებსაც „ტესლა“ თვითმავალი ტექნოლოგიების განვითარებისთვის იყენებს, ავტომობილების მგზავრების პირადი ცხოვრების კონფიდენციალობას შესაძლოა, რისკს უქმნიდეს.

„კონსამერ რეპორტსი“ ვარაუდობს, რომ კამერების გამოყენება, პერსპექტივაში გადაფარავს იმ უპირატესობებს, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში, მძღოლის მდგომარეობის გაკონტროლებით მიიღწევა. კერძოდ, სისტემა აფიქსირებს მომენტებს, როდესაც მძღოლი გზას ნაკლებ ყურადღებას აქცევს და სხვა რამით არის დაკავებული.

„თუ ტესლას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოიცნოს, როცა მძღოლი უყურადღებოდაა, მაშინ აუცილებელია ამის შესახებ მძღოლის გაფრთხილება, რასაც სხვა კომპანიები აკეთებენ“, - ამბობს „კონსამერ რეპორტსის“ საავტომობილო ტესტების ცენტრის დირექტორი ჯეიკ ფიშერი.

„ფორდი“ და „ჯენერალ მოტორსი“ ასევე იყენებენ მსგავს კამერებს, მაგრამ მათ სისტემებში, კამერებიდან მიღებული გამოსახულების და მონაცემების ჩაწერა და გადაგზავნა არ ხდება. მძღოლის თვალების მოძრაობის გასაკონტროლებლად, ისინი ინფრაწითელ ტექნოლოგიებს იყენებენ და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სიგნალებს გადასცემენ.

საინტერესოა, რომ შიდა კამერების გამო, ჩინეთში „ტესლას“ ავტომობილებს, ქვეყნის სამხედრო ობიექტებზე არ უშვებენ. ამას მოჰყვა „ტესლას“ მთავარი აღმასრულებლის, ილონ მასკის განცხადება იმაზე, რომ თუ მის ავტომობილებს შპიონაჟისთვის გამოიყენებენ, მისი კომპანია ავტომობილების წარმოებას შეწყვეტს.