ჯანდაცვის მინისტრი - არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებას არ აქვს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინის დოზების ათვისება შესაძლოა, ვერ მოხდეს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განმარტა, საბჭო ყოველი კვირის რეჟიმში იკრიბება და ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი.

„ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭოს თავისი კალენდარი გააჩნია, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ. საბჭო ყოველი კვირის რეჟიმში იკრიბება და ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ასე გაგრძელდება ამ პროცესის მართვა. პირადად ჩემი სტრატეგია არის შემდეგი, რომ რეგიონულ დონეზე ყველგან გავეცნობი, თუ რა სიტუაციაა. ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობას ასევე ადგილზე გავეცნობი იმისთვის, რომ შემდეგ საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ყველა იმ მიზან-შედეგობრივ კავშირზე, რაც ვაქცინაციის პროცესის უკეთ წარმართვისთვის არის საჭირო. ხვალ იგეგმება ჩემი ვიზიტი გურიასა და აჭარაში, ასევე გაგრძელდება ყველა სხვა რეგიონის მიმართულებით. საბჭოს სხვა წევრების მხრიდანაც იქნება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს უფრო აქტიური პიარკამპანია უნდა ჩაეტარებინა, ტიკარაძემ უპასუხა, რომ უწყება, თუნდაც სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს არ იღებს.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ. საბჭოში გვყავს საერთაშორისო პარტნიორების გუნდი და ასევე, საერთაშორისო კომპანია, რომელიც კონკრეტულ მითითებებს გვაძლევს, თუ როგორი უნდა იყოს სტრატეგიული კამპანია. მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც გარკვეული არ იყო ზუსტი თარიღი, თუ როდის იქნებოდა ვაქცინა და ასევე, უცნობი იყო, თუ რომელი ვაქცინა იქნებოდა პირველი, ეს გარკვეუწილად მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუ ჩვენ აგრესიულ კამპანიას გავმართავდით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, დავლოდებოდით პროცესების განვითარებას, რომელიც საქართველოზე არ არის დამოკიდებული, არამედ გლობალურად არის გარკვეული შეფერხებები მოწოდებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.