სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. ეკონომიკის შემცირების პარალელურად კი ქვეყნის შიგნით წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასები საშუალოდ 6.9%-ით გაიზარდა, კერძოდ, გასულ წელს მშპ დეფლატორმა 2019 წელთან შედარებით 6.9%-ით მოიმატა.
უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ 2017 წლის შემდეგ ადგილობრივ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები ასეთი ტემპით არ გაზრდილა. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს მშპ დეფალტორი 4.4% იყო, 2019 წელს კი 5.2%.
შეგახსენებთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მსგავსად ფასების ზრდის ტემპს ასახავს. თუმცა ამ ორ ინდექსს შორის განსხვავებები მაინც არსებობს, კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას ასახავს, მაშინ როცა სამომხმარებლო ფასების ინდექსი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ იმპორტირებულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილების სურათს გვაძლევს.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე