საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Coface-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პანდემიის ფონზე 2020 წელს ევროს ზონის ქვეყნებში ბიზნესის გაკოტრების რაოდენობა შემცირდა. როგორც წესი, კრიზისის დროს ბიზნესი კოტრდება, მაგრამ Coface-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პანდემიის დროს სამთავრობო ფინანსური დახმარების გამო კომპანიები კი არ გადარჩნენ ან გაიუმჯობესეს მდგომარეობა, არამედ მათი გაკოტრება მხოლოდ გადავადდა.
გასულ წელთან შედარებით, 2019 წელს გერმანიაში გაკოტრების შემთხვევებმა 11.6%-ით მოიმატა, საფრანგეთში კი - 20,4%-ით. 2020 წელს ასეთი შემთხვევები გერმანიაში 15%-ით, საფრანგეთში კი - 38%-ით შემცირდა. ესპანეთში, გერმანიის მსგავსად, გაკოტრების რაოდენობამ 15%-ით მოიკლო, იტალიაში - 32%-ით.
Coface-ის ექსპერტები აცხადებენ, რომ გაკოტრების კლების პარალელურად, ბაზარი სიცოცხლისუუნარო კომპანიებით სავსეა და მათი გაქრობა, მხოლოდ დროის საკითხია, რასაც უფრო წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ.
Coface-მა ეკონომიკური მოდელი ააშენა და გაკოტრების მომლოდინე კომპანიების რაოდენობა 2020 წლის მაჩვენებლის რეალურ დინამიკას შეადარა. მიღებული მონაცემებით, გერმანიასა და საფრანგეთში გაკოტრებულთა რაოდენობა 6%-ით უნდა გაზრდილიყო, იტალიაში - 7%-ით, ესპანეთში კი - 19%-ით. კვლევის თანახმად, გერმანიაში ე.წ. ფარული გაკოტრების საერთო რაოდენობად დაახლოებით 21%-ს ანუ 3950 შესაძლო შემთხვევას ასახელებენ. მართალია, ევროკავშირის ამ ქვეყანაში გაკოტრების პროცედურაზე მორატორიუმი გამოცხადდა, მაგრამ 2019 წელთან შედარებით, გაკოტრების მომლოდინე კომპანიების რაოდენობამ მაინც მოიმატა ისეთ სექტორებში, როგორიცაა მეტალურგია და ავტოინდუსტრია. საფრანგეთში ე.წ. გადავადებული გაკოტრების სტატუსის კომპანიათა რაოდენობამ 22 ათასს გადააჭარბა და 44% შეადგინა. ესპანეთში 1600 ასეთი კომპანიაა, რაც 34%-ს წარმოადგენს. იტალიაში გაკოტრების მომლოდინეთა რაოდენობა 4100-ია (39%).
მოამზადა ლადო სულაბერიძემ