კომპანია ,,თელასმა" ახალი ოფისი გახსნა

სს ,,თელასი" აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში თანამედროვე სტანდარტების ბიზნესცენტრებს ხსნის.

დღეს კომპანიამ ბიზნესცენტრი ,,სამგორის" ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ,,ინტერ რაოს" ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და სს ,,თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი ესწრებოდნენ.

ბიზნესცენტრი ,,სამგორის" ახალი ოფისი, რომელიც მოსკოვის გამზირის #29-ში მდებარეობს, დედაქალაქის 35 000 აბონენტს ემსახურება.

"თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ბიზნესცენტრების გახსნის მიზანია მომხმარებლებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა, როგორც ოფისების დიზაინის, ასევე მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ბიზნესცენტრში აბონენტებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ელექტრომომარაგებასთან და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. ბიზნესცენტრის შენობაში განთავსებულია საექსპლუატაციო სამსახური, რომელიც ოპერატიულად ახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის ტექნიკურ პრობლემაზე. აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებისათვის ,,თელასის" ბიზნესცენტრების მორიგე პერსონალის სამუშაო დრო 23 საათამდე გაგრძელდა. ამ დროისათვის დედაქალაქში 10 ბიზნესცენტრი მოქმედებს: ,,ვერა-ვაკე", ,,საბურთალო", ,,მთაწმინდა-კრწანისი", ,,დიდუბე-ჩუღურეთი", ,,გლდანი", ,,ისანი", ,,დიღომი", ,,სამგორი", ,,ვარკეთილი" და ,,ნაძალადევი", - აცხადებენ კომპანიაში.