წერტილოვანი შეზღუდვები დღის წესრიგში აუცილებლად დადგება თუ რომელიმე რეგიონში ეპიდემიური სურათი იქნება უფრო სარისკო. ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ გადავიტანეთ ნოემბერ-დეკემბერში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ქვეყანაში პირბადის გამოყენების მაჩვენებელი შემცირებულია, რაც „არის ყველაზე მთავარი მკვებავი ამ ეპიდემიური ტენდენციების“.
„სიფრთხილე გვმართებს იმ კუთხით, რომ წესები, რომელიც გვაქვს დაწესებული საკმაოდ ეფექტურია და უნდა დავიცვათ. ტესტირების პროგრამა უკიდურესი მნიშვნელობისაა, რომელიც მაისის თვეშიც გაგრძელდება, იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ ინფიცირებული პირების იდენტიფიცირება.
რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თვალს ადევნებს ახალი შტამების გამოჩენის რისკებს და ამის დასადგენად ანალიზები ტარდება. წერტილოვანი შეზღუდვები დღის წესრიგში აუცილებლად დადგება, თუკი რომელიმე რეგიონში ეპიდემიური სურათი იქნება უფრო სარისკო. ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ გადავიტანეთ ნოემბერ-დეკემბერში. ამდენად, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს. რეგიონულ ანალიზს ყოველდღიურად ვატარებთ და გადაწყვეტილებებიც შესაბამისად იქნება მიღებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ხვალ გურიის რეგიონში ჩასვლას გეგმავენ და ეპიდვითარების შესახებ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან.