„მთავრობას წარვუდგენთ ხორბლის სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე.
ხორბლის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა უახლოეს დღეებში მიიღებს.
„პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი მოხმარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან შეთანხმების საფუძველზე, მთავრობას წარვუდგენთ სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე, პურის მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ დღეისათვის, ხელისუფლების პოლიტიკით და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, რეგიონის მასშტაბით, საქართველოში ხარისხიანი და ყველაზე იაფი პური იყიდება. თუმცა, არსებული საფასო პოლიტიკის მუდმივად შენარჩუნება რთული იქნება.
საქართველოში 500 გრ თეთრი ფქვილისგან დამზადებული პური 0.34 აშშ დოლარი ღირს, მაშინ, როცა ხორბლის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა პურის ფასი 0.48 აშშ დოლარსა და 0.51 აშშ დოლარს შეადგენს, სომხეთში 0.46 აშშ დოლარი, თურქეთში კი, 0.35 აშშ დოლარია.