დავით შავლიაშვილი და ნოდარ შეროზია თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან და რუსთავის მერის მოადგილე ნოდარ შეროზიასთან ერთად გაეცნო.

მინისტრი ავტომაგისტრალზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგების პროცესს დაესწრო. დავით შავლიაშვილი კომპანია ,,სინო ჰიდრო კორპორეიშენის" წარმომადგენლებს, მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა და დეტალური ინფორმაცია მიიღო ავტომაგისტრალის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა განაცხადა, პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან-რუსთავამდე გზის დაფარვა 15 წუთში იქნება შესაძლებელი, გადაადგილება კი მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. ,,ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ბეტონის საფარის დაგების პროცესი დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი საკმაოდ წარმატებულად და ხარისხიანად მიმდინარეობს. დაახლოებით 4 კილომეტრიან მონაკვეთს თვის ბოლომდე დავაგებთ და დავასრულებთ, შევძლებთ გახსნას და განტვირთვას იმ მონაკვეთის, რომელიც დღეს საკმაოდ გადატვირთულია. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. დასაქმებულთა დაახლოებით 75% საქართველოს მოქალაქეებია", - განაცხადა დავით შავლიაშვილმა.

პროექტის ფარგლებში ავტომაგისტრალზე აშენდება გზაგამტარები, სატრანსპორტო კვანძები, მიწისქვეშა, სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდები, მოეწყობა ტროტუარები. თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიგრძე 17 კმ-ზე მეტია და სირთულის გათვალისწინებით სამ განსხვავებულ მონაკვეთად იყოფა. პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი-საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან რესტორან ,,მარაბდამდე" გრძელდება, მეორე მონაკვეთი - ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული 6,8კმ სიგრძის ტერიტორიაა. აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კმ-ის სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება. მესამე 6,6 კმ-იანი მონაკვეთი ფონიჭალის დასახლების გასასვლელთან დაიწყება და რუსთავის ავტობაზრობასთან დასრულდება. პირველ ეტაპზე პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 88 761 126 ლარს შეადგენს.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება. პროექტი საერთაშორისო მნიშვნელობის ,,თბილისი-წითელი ხიდი" (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.